Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

90

0e1e8c8b7e17

6 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დამაარსებელს, რეჟისორსა და თეატრის თეორეტიკოსს მიხეილ თუმანიშვილს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. თეატრის ადმინისტრაციის, დასისა და რეჟისორის მოწაფეების ინიციატივით საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 2011 წელი მიხეილ თუმანიშვილის წლად გამოცხადდა და მთელი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება. „ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ აღგვენიშნა ეს თარიღი და ტრადიციულ შემოქმედებით საღამოზე უარი ვთქვით. ვფიქრობთ, რომ ეს ის ადამიანი არ იყო, ვისი ღვაწლის ერთ საღამოში ჩატევაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 2011 წელი მიხეილ თუმანიშვილის საიუბილეო წელიწადად გამოგვეცხადებინა და მასთან დაკავშირებით მთელი რიგი პროექტები განგვეხორციელებინა“, - ამბობს თეატრის მმართველი ზურაბ გეწაძე.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 4 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში რეჟისორის  შემოქმედებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული წიგნების  გამოფენა-პრეზენტაცია,  მიხეილ თუმანიშვილის ნახატებისა და მის მიერ დადგმული სპექტაკლების მაკეტების, კოსტუმებისა და  ფოტოების გამოფენა გაიხსნა. გამოფენის გახნის შემდეგ კი წარმოდგენილი იყო რეჟისორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი „ბაკულას ღორები“, რომელშიც მონაწილეობენ მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე, რუსუდან ბოლქვაძე, რამაზ იოსელიანი, ლაურა რეხვიაშვილი, გვანცა გურგენიშვილი, ზურაბ ყიფშიძე, გიორგი ყიფშიძე, პაატა ბარათაშვილი, გუგა კახიანი, ზურაბ გეწაძე, ნინო ჩხეიძე, ვანო თარხნიშვილი, გია აბესალაშვილი, თემო ნატროშვილი, ირინა გიუნაშვილი.


საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დიდუბის პანთეონში რეჟისორის საფლავთან მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და მოწაფეები შეიკრიბნენ. „მაესტრო თუმანიშვილის ღვაწლი უდიდესია ქართულ ხელოვნებაში. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ მომავალ წელს, ამდროს უკვე მზად იყოს ფილმი „მაესტრო თუმანიშვილის მეთერთმეტე აუდიტორია“, სადაც მისი მოწაფეები იქნებიან და გამოჩნდება, კიდევ რა მემკვიდრეობა დატოვა მან თავისი მოწაფეების სახით.“  - ამბობს მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე კახაბერ კახაბრიშვილი.


5 და 6 თებერვალს წარმოდგენილი იყო მიხეილ თუმანიშვილის უკვდავი სპექტაკლი „ჩვენი პატარა ქალაქი“. აგრეთვე 6 თებერვალს ქალაქ თბილისში ანანურის ქუჩას მიხეილ თუმანიშვილის სახელი მიენიჭა და შედგა მიხეილ თუმანიშვილის მეორედ გამოცემული წიგნების - „სანამ რეპეტიცია დაიწყება“, „რეჟისორი  თეატრიდან წავიდა“ და „ახლა კი ფარდა“ პრეზენტაცია. 
საიუბილეო ღონისძიებები ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს მუსიკის, კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის აკადემიური  თეატრის და მიხეილ თუმანიშვილის ოჯახის მხარდაჭერით გაიმართა.


„ჩვენი პატარა ქალაქი“


სპექტაკლი სამ მოქმედებიანია და მასში მონაწილეობენ მსახიობები: გია აბესალაშვილი, მზია არაბული, პაატა ბარათაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, ზურაბ გეწაძე, ირინა გიუნაშვილი, დავით დვალიშვილი, ვანო თარხნიშვილი, გუგა კახიანი, მარი კიტია, ნანუკა ლითანიშვილი, ზაზა მიქაშავიძე, ეკა მოლოდინაშვილი, კოკო როინიშვილი, ზურაბ ყიფშიძე, ნატალია შენგელაია, მიშა ჩეკურიშვილი, ნინო ჩხეიძე, ნიკა წერედიანი, ნინელი ჭანკვეტაძე, დარეჯან ხაჩიძე, დარეჯან ჯოჯუა, ბექა ჯუმუტია.


სპექტაკლი თორთონ უალდერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა, რომელიც რეზო გაბრიაძემ გადმოაქართულა. პიესა უალდერის არის მაგრამ რეზო გაბრიაძემ ქართული ნაწარმოები შექმნა და ჩვენ წინ ქართული, დასავლეთ საქართველოს პროვინციული ქალაქის ყოველდღიურობა, იუმორით, ადამიანებისადმი სიყვარულით გამთბარი, ოჯახური ყოფის, სიკვდილისა და სიცოცხლის თანაარსებობის, სიხარულისა და ნაღველის, იდილიისა და შფოთვის პანორამა გააცოცხლა. სპექტაკლის გმირები სამივე დროში წარსულში, აწმყოში და მომავაში თითქოს ერთდროულად ცხოვრობენ. აქაც არიან და იქაც, მიწაზეც და ზეცაშიც, ჩვენს ყოველდღიურობაშიც და მარადიულობაშიც. ამ სპექტაკლით რეჟისორი პასუხს ორ კითხვაზე სცემს და გვეუბნება - სად ვეძებოთ სიყვარული და რა არის ადამიანის სიცოცხლის საზრისი? სიყვარული ურთიერთობაში იბადება, სიცოცხლის საზრისი კი ადამიანის სიყვარულშია, რომ ამ ცხოვრებაში  უმნიშვნელო არაფერია და სპექტაკლის გმირებივით სიხარულით და გაოცებით უნდა გავყვეთ ცხოვრების დინებას. „მე და ეროსმა გადავწყვიტეთ დაგვედგა სპექტაკლი წარსულეზე, განცდილზე, გარდასულზე, თითქოს დავიწყებულზე, სიკვდილზე, ქორწილზე... ერთი სიტყვით გველაპარაკა იმაზე, რაც ჩვენ განვიცადეთ და გვინახავს სიცოცხლეში... ეს არის სპექტაკლი, რომელიც ამბობს: ადამიანებო, შეჩერდით, ნუ ჩქარობთ, მიმოიხედეთ, მიაქციეთ ყურადღება იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება, მათ ვინც თქვენ გვერდითაა...“ - წერს მიხეილ თუმანიშვილი.


სპექტაკლში ყველა ეპიზოდს, თითქოს თან სდევს ადამიანის სულის ამაღელვებელი რიტმი, რომელიც კარგად ჩანს გმირთა განწყობილებიდან. მთელი სპექტაკლის ატმოსფეროა ასეთი, განსაკუთრებით კი მესამე მოქმედება, როცა გარდაცვლილი გმირები ცხოვრებას „უბრუნდებიან“ და სასუფევლიდან წამომდგარნი, გაოცებულნი და შეძრულნი შესცქერიან თავიანთი ახლობლების მდგომარეობას და გვეუბნებიან: „არის კი ვინმე ამ ქვეყანაზე, ვინც ამ ქვეყანაზევე ყოველ წამს გრძნობდეს, რა არის სიცოცხლე? მიწავ, რა წარმტაცი ხარ? ო, სიცოცხლევ, იმდენად წარმტაცი ხარ, რომ შეუძლებელია, ადამიანმა იცოდეს შენი ფასი...“


ჯერ კიდევ 1988 წელს სალუტინი წერდა: „სპექტაკლი ძალიან სადაა, მასში არაფერია ახალი არც თეატრის ესთეტიკისა და არც საზოგადოებრივი პრობლემატიკის თვალსაზრისით. მაგრამ მასში არის ძალიან სერიოზული და ბრძნული საუბარი ყველაზე უბრალო და ადამიანურ საგნებზე. მე ასე ვფიქრობ, რომ იმ ურთულეს გარემოში, რომელშიაც ჩვენ ყველანი ვარსებობთ, არის ძალიან უბრალო და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლეთა გამო ჩვენ დიდი ხანია, არ გვილაპარაკია...“


როგორც ამბობენ ეს სპექტაკლი „ჭინჭრაქასთან“ ერთად მიხეილ თუმანიშვილის ყველაზე საყვარელი სპექტაკლი იყო, რადგან „ყველა პრობლემა, რომელიც ცხოვრებისეულად და შემოქმედებით იყო მისთვის ამაღელვებელი, აქ თავმოყრილი აღმოჩნდა და გამოვიდა თავისებური თეატრალური რომანი - იმდენი ადამიანის ცხოვრება, იმდენი ფიქრი და განცდა დაიტია, ეს სპექტაკლი თავისი აგებულებით, თავისებური სიმფონიაცაა...“

მიხეილ თუმანიშვილი წერდა - დღიურებიდან:

ვაშა-ა-ა-ა-! სავარძლები მოიტანეს. ჩვენ ჩვენი თეატრი გვაქვს. მალე, სულ მალე გაიხსენება ჩემი თეატრი! როგორი იქნება, ნეტავ?

* * *
გავხსენი თეატრი-სახელოსნო. ახალი თეატრი - ახალი სწავლება! თუ ახალი სწავლება არ არის, თუ რწმენა არ არის, არავითარი თეატრი არ აღმოცენდება.

არსებობს სიღრმისეული რეპეტიციები, როდესაც აზრის, წარმოსახვის და ინტუიციის ზემოქმედებით ტექსტის შიდა შრეებში ვიჭრებით და შიგ მოულოდნელ მოვლენებს, სვლებსა და აქამდე ვერ-ნავარაუდებ კონფლიქტებს გამოვაჩენთ. ასეთი რეპეტიცია გამდიდრებს. მიგნებები ფორმით საინტერესო ქმედით კონტურებს იძენს. მაშინ, ზეაწეული, წარმოსახვის ტალღით ატაცებული სწრაფი „სიჩქარით“ თხზავ და ძერწავ სცენებს და მიქრიხარ, მიქრიხარ... არც კი იცი, სად. რა ბედნიერი ხარ ასეთი რეპეტიციის დროს... 1977 წ. 1 დეკემბერი.

* * *
სცენაზე, სპექტაკლის დროს, სულ უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ ადამიანებს შენი ცხოვრების, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შესახებ მოთხრობებს უამბობ. ცხოვრების გამჭოლი ხაზი უნდა ითამაშო, გმირთა ქცევებითა და განცდებით თხრობა. და მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა სპექტაკლი კარგი. ქცევით თხრობა მსახიობის შესრულებას მტვრის ტილოსავით ჩამოაცილებს მსახიობური ოინების და „ხრიკების“ წლობით დადებულ მტვერს. უნდა ისწრაფოდე მთავარისკენ, რისი გულისთვისაც გამოდიხარ სცენაზე, რისი გულისთვისაც ხარ ამ ჩვენი სამარცხვინო საქმით დაკავებული... 1978 წ. 6 თებერვალი.

* * *
როდესაც ახალი თაობის რეჟისორებისა და მსახიობების შესახებ უფრო მეტი გინდა გაიგო, ამისთვის რა კარგი საშუალებაა, მათთან ერთად ცხოვრებიდან აღებული ეტიუდებით იმუშაო. ეს ეტიუდები გარემომცველი ცხოვრება-სინამდვილის მიმართ მათი დამოკიდებულების ანაბეჭდი, კვალი, ანარეკლი გახდება. ის, რასაც სტუდენტი ჯერ ვერ გამოხატავს, ვერ განსაზღვრავს სიტყვებით, იმის გადმოცემას, ასახვას ეტიუდით შეძლებს. ახალგაზრდების ეტიუდური შემოქმედება საშუალებას მომცემს, მათი შინაგანი სამყაროს შესახებ ობიექტური ინფორმაცია შევიქმნა - რა გარემოში ცხოვრობენ ისინი და როგორ? მომცემს საშუალებას, შევისწავლო მათი სამყარო, მათი ინტერესები, მათი გარემოცვა და დავეხმარო, სრულყონ საკუთარი თავი, გემოვნება და ჩვეულებანი, შეხედულებანი და ჩვევები. რა საინტერესოა, მეორე ადამიანის საიდუმლოს ჩაწვდე, შეიცნო მისი აზროვნების წესი, აღმოაჩინო ის ახალი, რაც ჩვენთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის, ძნელად გასაგებ თაობას აქვს. ისინი ხომ ჩვენ სრულებით არ გვგვანან. რა საინტერესოა ეს ყველაფერი!1978 წ. 6 თებერვალი.

* * *
სიკეთე უნდა ქმნა. ასე მგონია, სტუდიის შექმნით კეთილი საქმე გავაკეთე და რაღაც კარგის შეგრძნება მეუფლება. ვინმემ რომ ნახოს, სპექტაკლისათვის როგორ ემზადებიან ჩემი სტუდიელები, როგორ უყურებენ სანთლის ალს, როგორ ურთიერთობენ მასთან, როგორ განაწყობენ ერთმანეთს სპექტაკლისათვის, როგორ განეშორებიან ყოველივე იმას, რაც ყოველდღიურია, დანალექია, ქუჩისაა, წარმავალი... ცდილობენ, მარადიულს ემსახურონ. რა ლამაზია ეს! ბედნიერი ვარ, როდესაც იქვე, სიბნელეში ვდგავარ და მათ ვუთვალთვალებ...1978 წ. 6 თებერვალი.

P.S. „ნუ დაბერდებით! ნამდვილი არტისტები მთელი ცხოვრება დაფრინავენ!“ - მიხეილ თუმანიშვილი…