Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

იაპონური ხელოვნება ხელოვნების მუზეუმში

6cd561ae93d8

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „შეიცანი იაპონია“ გაიხსნა. დამთვალიერებელს პირველად ეძლევა საშუალება მსოფლიოში უძველესი ცივილიზაციის მქონე იაპონელი ხალხის კულტურა იხილოს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იაპონური ხელოვნების განვითარების გვიანდელი პერიოდის XVIII – XX საუკუნეების ამსახველი 150 ნივთი. მათ შორის არის: ტიხრული მინანქარისა და ფაიფურის ჭურჭელი, სპილოს ძვლის ნაკეთობები, საბრძოლო აღჭურვილობა, სარიტუალო დანიშნულების რელიგიური ნივთები, ჩაის ცერემონიალისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, სათამაშოები, სამოსის დეტალები და სხვა.

სამურაი

სამურაი იაპონური სიტყვაა, მომდინარეობს ზმნა საბურაუ-დან და მსახურობას, ვინმეს სამსახურში ყოფნას ნიშნავს .

სამურაები პროფესიონალი მეომრები იყვნენ და მათი ერთადერთი საქმიანობა სამხედრო საქმე იყო, რაც დროთა განმავლობაში დაიხვეწა და ერთგვარ ხელოვნებად იქცა. სამურაები შეძლებულ გლეხთა ფენიდან იყვნენ წარმოშობით და მიწასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. მოგვიანებით მათი გარკვეული ნაწილი ფეოდალურ საგვარეულოთა სამსახურში ჩადგა.

სამურაების პირველი რაზმები იაპონიაში VIII საუკუნეში გამოჩნდნენ, ისინი ნებაყოფლობით შედიოდნენ დაიმიოს (სიუზერენის) სამსახურში და სამხედრო საქმეს ასრულებდნენ, გასამრჯელოდ კი საკვებს ( ბრინჯს), საცხოვრებელს, ხანდახან მიწასაც იღებდნენ. ამ გზით ზოგი მათგანი მდიდრდებოდა და თავად ხდებოდა გავლენიანი ფეოდალი. მათი პრივილეგიები სულ უფრო მატულობდა, რამაც სამურაების ცალკე კლასად ჩამოყალიბება განაპირობა. ეს პროცესი XII საუკუნეში დაიწყო და დასრულდა XVI საუკუნეში, როდესაც სამურაის კლასმა თავის ძალაუფლების ზენიტს მიაღწია. გაუთავებელი შიდა ომები ხელს უწყობდა საბრძოლო ხელოვნების სრულყოფას, სხვადასხვა საომარი იარაღის და აღჭურვილობის დამზადებას.

სამურაების ფენის წარმოშობისთანავე ჩამოყალიბდა მათი განსაკუთრებული მსოფლმხედველობა, მას ბუშიდო (მეომრის გზა) ეწოდებოდა, ეს იყო სამურაების ქცევის, ნორმებისა და პრინციპების კრებული, მათი მორალური კოდექსი. ის შედის თერთმეტტომეულ წიგნში- ჰაგაკურე (ფოთოლთა ჩრდილქვეშ), რომელიც დაახლოვებით 1710-1716 წელს ტაშირო ცურამოტომ ჩაიწერა სამურაი ცუნემოტო იამამოტოსგან (1659-1719), მას შემდეგ, რაც ის ბერად აღიკვეცა. ბუშიდოს ძირითადი პრინციპები იყო: გამბედაობა, საქმისადმი ერთგულება, ჰუმანურობა, თავშეკავება, თვითკონტროლი, ანგარებისა და ფულის სიძულვილი. ამ ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, სამურაის უმაღლესი შეფასება იყო მის საფლავზე გაკეთებული წარწერა: მას არასოდეს დაუჩაგრავს სუსტი და არასოდეს დაუხევია უკან ძლიერის წინაშე. ბუშიდო მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმოსავლურ რელიგიებთან, მათგან სესხულობდა ფილოსოფიურ და ეთიკურ დოქტრინებს, მაგალითად, ბუდიზმმა ბუშიდოში ბედისწერის გარადუვალობის რწმენა შეიტანა, მანვე ჩაუნერგა ადამიანებს სიმტკიცე საშიშროების და უბედურების წინაშე, ცხოვრებისადმი მშვიდი, ხოლო სიკვდილისადმი გულგრილი დამოკიდებულება. შინტოიზზმა მას ბატონისადმი ერთგულება და წინაპრებისადმი პატივისცემა შემატა, კონფუციონიზმმა კი ადამიანთა მორჩილებაზე დამყარებული ურთიერთობის ხუთი დოგმა : უფროსი-უმცროსი; ბატონი-მსახური; მამა-შვილი; ქმარი-ცოლი; მეგობარი-თანასწორუფლებიანი.

ბუშიდოს თანახმად, სამურაის სამი მთავარი თვისება უნდა ჰქონოდა: სიბრძნე, ჰუმანურობა და სიმამაცე. ამას გარდა, სამურაი განათლებულიც უნდა ყოფილიყო. ისინი სპეციალურ სკოლებში სწავლობდნენ და სავალდებულო სამხედრო დისციპლინების (ფარიკაობა, მშვილდოსნობა, ცხენით ჯირითი, ცურვა და ორთაბრძოლის მრავალი სახეობა) გარდა, ევალებოდათ ფილოსოფიის, ლიტერატურის, ისტორიის, ფსიქოლოგიის, ჩინური ენის ცოდნა. ამ საგანთა სწავლების მიზანი იყო ის, რომ სამურაი მხოლოდ კარგი მეომარი კი არა, არამედ გემოვნებიანი და განათლებული პიროვნება ყოფილიყო. სამურაის საქმიანობა მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე. ვაჟი მემკვიდრედ და გვარის გამგრძელებლად ითვლებოდა, მას საკუთარი თავის ღირსების განცდით ზრდიდნენ. ერთი წლის ასაკში მამა მას ხის ხმალს ჩუქნიდა, რომელსაც მამორი-გატანა ეწოდებოდა. ეს უფრო ავგაროზს მოგვაგონებს, ვიდრე იარაღს. 15 წლის ასაკში ყმაწვილი ზრდასრულად ითვლებოდა და მამისგან ნამდვილ იარაღს იღებდა . ამ დღესვე ის პირველად იცვამდა უფროსების შესაფერის ტანსაცმელს და მთელ ოჯახთან ერთად მიდიოდა ტაძარში, სადაც ვაჟი ახალი სახელით ინათლებოდა.

სამურაის საბრძოლო აღჭურვილობა შედგებოდა აბჯრისგან, მუზარადისგან, ხმლისგან, მშვილდ-ისრისგან და საბრძოლო ნიღბისგან. სრული აღჭურვილობის ტარების უფლება მხოლოდ მაღალი რანგის მეომრებს შეეძლოთ და ყოველ კლანს საკუთარი ფერი და გერბი ჰქონდა. აღჭურვილობის ყველაზე დეკორატიული ნაწილი, რა თქმა უნდა, მუზარადი იყო. მისი ფორმები სხვადასხვაგვარია - ხან მთის, ხან, დემონის, ხან კი დრაკონის თავის გამოსახულებით. საბრძოლო ნიღაბი ტყავისგან ან რკინისგან მზადდებოდა, მასაც სხვადასხვა გამოსახულება ჰქონდა, მაგალითად, გრძელცხვირიანი დემონის და ქალისაც კი.

აღჭურვილობის მთავარი საბრძოლო ატრიბუტი იყო, წმინდა და ძვირფასი ნივთი - ხმალი, იგი სამურაის სულის სიმბოლოდ ითვლებოდა. მხოლოდ სამურაის შეეძლო ეტარებინა კატანა - გრძელი ხმალი (60 სანტიმეტრზე მეტი) და ვაკიძაში – შედარებით მოკლე ხმალი (30-60სმ). ორივეს ერთად დაიშო ეწოდებოდა. სამურაი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შორდებოდა თავის კატანას. ჩაის სახლში აკრძალული იყო კატანას შეტანა, სამურაი იქ მხოლოდ მოკლე ხმლით ვაკიძაშით შედიოდა, სწორედ ამიტომ მას სამურაის ღირსების მცველს ეძახდნენ.

სამურაები გარეგნულად ადვილად გამოირჩეოდნენ საზოგადოების სხვა ფენისგან, მათ განსაკუთრებული ვარცხნილობა - საკაიაკი ჰქონდათ. თავის ზემოთა ნაწილი იპარსებოდა და გვერდებზე დარჩენილი თმა კეფაზე იკვრებოდა. ყოველდღიურად ისინი მუქი ფერის კიმონოს ქამარს და მოსასხამს ატარებდნენ. კიმონოზე გამოსახული იყო საგვარეულო გერბი, საზეიმო დღეებში ზემოდან უსახელო მოსასხამს ჰაირო ჰაკამას იცვამდენ.

სამურაის მთავარი მოვალეობა, როგორც უკვე ცნობილია, ბატონის თავგგანწირვით მსახურება იყო. ქცევის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, სამურაის თავი უნდა მოეკლა. ამ რიტუალს სეპპუკუ ანუ ჰარა-კირი (მუცლის გაფატვრა ) ეწოდებოდა. სამურაი მას მიმართავდა მაშინ, თუ მისი ღირსება შეილახებოდა, უღირს საქციელს ჩაიდენდა, ტყვედ ჩავარდებოდა, ან მისი დაიმიო მოკვდებოდა. ჰარა-კირი მხოლოდ სამურაის პრეროგატივა იყო და ეს ხაზს უსვამდა მის მტკიცე ნებისყოფას. იაპონიაში მუცელი ემოციური არსებობის ფიზიკურ და სულიერ ცენტრად ითვლებოდა , ამიტომ მისი გაკვეთა ადამიანის საბოლოო და სრულ სიკვდილს ნიშნავდა. ბუშიდოს მიხედვით, სეპუკუ არის უდიდესი თავის მართლება ცისა და ადამიანის წინაშე. ეს რიტუალი საზეიმო ვითარებაში, მუსიაკლური საკრავების თანხლებით სრულდებოდა, სამურაი წინასწარ განიბანებოდა და მეგობრებს ეპატიჟებოდა ამ რიტუალზე დასასწრებად. ზოგჯერ მოკლე ლექსებსაც თხზავდა, სადაც თავის სულიერ მდგომარეობას აღწერდა და ცხოვრებას ემშვიდობებოდა. თეთრ აბრეშუმის ნაჭერზე ( ან ბალიშზე) მუხლებზე მდგომი სამურაი მახვილით (კო-გა-ტანა) იჭრიდა მუცელს მარცხნიდან მარჯვნისაკენ, ჰორიზანტალურად და შემდეგ, თუ შეძლებდა ვერტიკალურად, რათა რკინსებური ნებისყოფა და სიკვდილის ძლიერი სურვილი ეჩვენებინა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ჭრილობები სიკვდილს არ გამოიწვევდა და სამურაი საშინლად იტანჯებოდა, მისი საუკეთესო მეგობარი ხმლის ერთი მოქნევით მოჰკვეთდა ხოლმე თავს.

სამურაების ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ბუდისტურ სექტას - ძენს. მისი პოპულარობა კი იმით აიხსნებოდა, რომ ის სისადავეს, უბრალოებას ქადაგებდა და ყველა მამაკაცის უმთავრეს მოვალეობად სამხედრო საქმეს აღიარებდა. ძენი მიმდევრებს ასწავლიდა, რომ ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია, დროის გარკვეული მონაკვეთით არის შემოფარგლული, სიკვდილი კი გარდაუვალია, ამიტომ რაც უფრო მალე დადგება მისი ჟამი მით უფრო მშვენიერია ცხოვრება. სწორედ ამით აიხსნება სამურაების გულგრილი დამოკიდებულება სიკვდილისადმი.

სამურაის კლანის დაშლის პროცესი XVIII საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო. შინაფეოდალური ომების დამთავრების შემდეგ დაიმიოს აღარ სჭირდებოდა მრავალრიცხოვანი სამხედრო რაზმები, ამიტომ მრავალი სამურაი სამსახურის გარეშე დარჩა, ამან მათი გაღატაკება გამოიწვია. ისინი მოხეტიალე სამურაებად იქცნენ, მათ რონინებს (სიტყვასიტყვით ადამიანი - ტალღა) უწოდებდნენ.

ჩაის ცერემონია

ჩაის სმის ცერემონიის კულტივირება იაპონიაში ძენ-ბუდიზმის საფუძველზე დაიწყო. ძენ ბუდიზმი იაპონიაში ჩინეთიდან XII საუკუნის ბოლოს გავრცელდა და თავის აყვავების ზენიტს XIV-XV საუკუნეებში მიაღწია. იაპონელთა აზრით, ძენი, ბუდიზმის ჭეშმარიტად იაპონური სახესხვაობაა. ძენის მოძღვრების თანახმად, ჭეშმარიტების წვდომის ძირითადი საშუალება მედიტაციაა (ამგვარ მდგომარეობას ძაძენი ეწოდება) და მხოლოდ მისი საშუალებით არის შესაძლებელი თვითჩაღრმავება, ყველანაირი აზრისგან გათავისუფლება, რასაც შედეგად სულიერი გაცისკროვნება მოჰყვება.

როდესაც ძენ ბუდიზმის იდეებს ნაზიარები ხელოვანები, პოეტები, სწავლულები შეკრებების დროს ერთმანეთს თავიანთ შემოქმედებას აცნობდნენ და დისკუსიებს მართავდნენ, აუცილებლად ჩაის მიირთმევდნენ ხოლმე. ამგვარ შეკრებებზე აკრძალული იყო საუბარი ფულსა და ავადმყოფობაზე, ყველაფერ ნეგატიურზე, საუბარი მხოლოდ პოზიტიურ მოვლენებს, ხელოვნებასა და ლიტერატურას უნდა შეხებოდა. ცერემონია, როგორც წესი, წყნარ და მყუდრო ადგილას - ბაღის სიღრმეში აგებულ პატარა სახლში ტარდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ჩაის ხარისხს, მის დასაყენებელ და სასმელ ჭურჭელს. თანდათანობით ამგვარი შეკრებები და ჩაის ცერემონიაც ერთგვარ რელიგიურ-ფილოსოფიურ სპექტაკლად გადაიქცა, სადაც ყველა დეტალს, ნივთს და მოქმედებათა თანამიმდევრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. დიდი ყურადღება ეთმობოდა ჩაის ხარისხს, მის დასაყენებელ და სასმელ ჭურჭელს და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის ცერომონიის მონაწილეთა კანონიზირებულად ქცეულ თითოეულ მოქმედებასა და ჟესტში იაპონურ ტრადიციათა თანამიმდევრულობა და მათ მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოსჭვივის, ცერემონიის უმთავრესი არსი მაინც სამყაროსადმი ადამიანის დამოკიდებულებაა. ჩაის ცერემონია – ეს არის სილამაზის ნატიფი აღქმა, აღიარება სამყაროს სრული ჰარმონიულობისა აღიარება.

იაპონური ფაიფური

როგორც ცნობილია კერამიკის წარმოების პრინციპებს იაპონელები ჩინელი და კორეელი ოსტატების დახმარებით გაეცნენ, თუმცა დღესდღეობით საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მხატვრული თვალსაზრისით იაპონური ფაიფურისა თუ ქაშანურის ნივთები მკვეთრი ინდივიდუალურობით ხასიათდება. იაპონური ფაიფურის გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს - იმარი. ამ ტიპის ფაიფურის წარმოება კუნძულ კიუშიუზე ქალაქ არიტაში დაიწყეს 1616 წელს. კორეელმა ოსტატმა, რი სამპეიმ, რომელიც სხვა მრავალი თანამემამულის მსგავსად, იაპონია - კორეის ომის (1592-1598) შემდგომ იაპონიაში გადაასახლეს, ქალაქ არიტას აღმოსავლეთით მდებარე მთა იძუმიაამადან ფაიფურისათვის საჭირო თიხის კაოლინის მოპოვება დაიწყო. ცოდნისა და ოსტატობის წყალობით მან მიაღწია კაოლინის გამოწვას მაღალ, 1400 ტემპერატურაზე, რამაც იაპონურ ფაიფურს არაჩვეულებრივი სინატიფე შესძინა. სახელწოდება იმარი მომდინარეობს პატარა საპორტო ქალაქ იმარიდან საიდანაც იაპონური ფაიფურის ევროპაში ექსპორტირება ხდებოდა.

ტრადიციულად, იმარის მოხატულობაში სამი ფერ დომინირებს: ლურჯი, წითელი და თეთრი. ამ ფერთა გამას ხაზს უსვამს ოქროს საღებავის უხვად გამოყენება, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მას. დეკორატიული მოტივებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტები. ხშირია გეომეტრიული ფორმებით შექმნილი ასიმეტრიული კომპოზიციები, რაც იაპონელი მხატვარ-დეკორატორების ფანტაზიის უნარსა და თავისუფალ აზროვნებაზე მიუთითებს.

საცუმას ტიპის ფაიფურის წარმოება იაპონიაში XVI საუკუნის მიწურულიდან იწყება და ისევე როგორც იმარი, კორეელ ოსტატთა სახელთანაა დაკავშირებული. კორეელები, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საცუმას პროვიანციაში, ამზადებდნენ ნატიფ ფაიფურის ნაკეთობებს ძირითადად ჩაის ცერემონიისათვის. საცუმას ადრეულ ტიპებს განეკუთვნება შავი და თეთრი საცუმა, რომელთა სახელწოდებები ნაკეთობათა ფერადოვნებამ გადაწყვიტა. ედოს პერიოდის (1603-1868) დასასრულიდან კი საცუმას პროვინციის სახელოსნოებში აწარმოებდნენ მრავალფეროვან და მრავალსახოვანი ორნამენტით დამშვენებულ ჭურჭელსაც. აღსანიშნავია, რომ ედოს პერიოდის საცუმას მორთულობაში აქტიურად გამოიყენება ოქროთი დაფერვა, რამაც მას საბოლოოდ გაუხსნა გზა ევროპული ბაზრისაკენ.

მეიჯის პერიოდი ( 1868-1912)

ტოგუგავას შიოგუნატის მმართველობას ბოლო მოუღო იმპერატორ მეიჯის რეფორმებმა. იმპერატორ კომეის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ადის მისი ვაჟი – მაცუჰიტო, რომელიც იმ დროს მხოლოდ 15 წლის იყო. იმპერატორად კურთხევის შემდეგ მას მეიჯი ეწოდა, რაც იაპონურად 明治 – გაბრწყინებულ მმართველობას ნიშნავს.

იმპერატორმა ქვეყნის დედაქალაქი კიოტოდან ტოკიოში, მაშინდელ ედოში გადაიტანა, და იმპერატორის ძალაუფლება აღადგინა. სწორედ მეიჯის პერიოდში იაპონიამ დასძლია თითქმის ორასწლიანი იზოლაცია და კარი გაუღო დასავლურ ცივილიზაციას, ამიტომ მეიჯის ერა - რადიკალური რეფორმების ხანად დარჩა იაპონიის ისტორიაში. მეიჯის ლოზუნგად იქცა „ცივილიზაცია და განათლება“ და მართლაც, ათასობით დასავლელი სწავლული მოიწვიეს იაპონიაში, რათა ხელი შეეწყოთ ეკონომიკის, სამხედრო საქმის, განათლების, მეცნიერების დონის ამაღლებისთვის. ამასთანავე იაპონელი სტუდენტები და მისიონერები გააგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.

მეიჯიმ რეფორმები გაატარა სამხედრო სისტემაშიც. თუ მანამდე ქვეყანა სამურაებს ეყრდნობოდა და სამუარების ძალაუფლება შთამომავლობით გადადიოდა, მეიჯიმ სავალდებულო სამხედრო სამსახური შემოიღო. ახალი არმია იწვრთნებოდა ფრანგი და გერმანელი ინსტრუქტორების მიერ. ამ ახალ სისტემას პირველი წარმატება სამურაების აჯანყების ჩახშობამ მოუტანა, რომელიც 1877 წელს, კაგოშიმაში მოხდა. ამ აჯანყების შედეგად ყველა სამურაიმ, მათი მმართველის - საიგო ტაკამორის ჩათვლით, სიცოცხლე ჰარაკირით დაასრულა. ახალმა იაპონურმა არმიამ მომდევნო წლებში კვლავ მოიპოვა წარმატება ჩინეთ-იაპონიისა(1894/1895) და რუსეთ-იაპონიის (1904/1905) ბრძოლებში.

რეფორმები შეეხო სოციალურ და პოლიტიკურ სისტემებსაც. გამოცხადდა რელიგიური არჩევანის თავისუფლება, ვაჭრობისა და მიწის საკუთრების თავისუფლება. დაწესდა სავალდებულო განათლება, გზა გაეხსნა დასავლურ კულტურას. 1872 წელს იმპერატორმა მეიჯიმ გახსნა პირველი სარკინიგზო ლიანდაგი, რომელიც ერთმანეთთან ტოკიოსა და იოკოჰამას აკავშირებდა, დაარსდა პირველი სატელეგრაფო ხაზი და ნაციონალური საფოსტო სერვისი ტოკიოში. 1912 წელს იმპერატორი მეიჯი გარდაიცვალა, ის იმპერატორმა ტაიშომ შეცვალა.

ტიხრული მინანქარი

ტიხრული მინანქარის წარმოება იაპონიაში ჯერ კიდევ ნარას (710-794) პერიოდში იწყება, და პოპულარობას XV-ში საუკუნეში აღწევს. მას იაპონიაში შიპო იაკი ეწოდებოდა (შვიდი ძვირფასი ნივთი). ამ ტექნიკის ოქროს ხანად იაპონიაში გვიანი ედოსა (1800 იანი წლები) და მეიჯის (1868-1912) პერიოდები ითვლება. ამ დროს ოსტატმა ცუნეკიჩი კაჯიმ იუსენ შიპოს ტექნიკა სრულყო, სადაც ტიხრებისათვის ჭურჭლის ლითონის ზედაპირზე თითბრის, ვეცხლისა და ოქროს ტიხრები გამოიყენებოდა. იაპონური ტიხრული მინანქრის ნივთები ძირითადად ევროპული ბაზრისა და შესაბამისად მათი გემოვნების დასაკმაყოფილებლად იქნებოდა, სადაც იმ დროს ძალზე პოპულარული იყო აღმოსავლური ხელოვნება. მთავარი თემები ამ ნაწარმში იყო ტოტებისა და ფოთლების მოტივები. ევროპელი მეცნიერების (გერმანელი ქიმიკოსი გოთფრიდ ვონ ვაგნერი) დახმარებით იაპონელი ოსტატები აფართოვებენ ტიხრული მინანქრის კოლორიტულ გამას და ჭურჭლის მთელი ზედაპირი ფერადი მინანქრის საღებავებითა და ტიხრებით იფარება. ევროპაში ექსპორტისათვის ისინი ასევე იგონებენ ტიხრული მინანქრის ტექნიკას ფაიფურზე. ეს ძალზე შრომატევადი და რთული ტექნიკა იყო, ამიტომ მისი წარმოება ცოტა ხანს გაგრძელდა (XIX საუკუნის 70 იანი წლები), და შესაბამისად ამ ტექნიკით შექმნილი ნივთების მხატვრული ღირებულებაც მაღალია.

მეიჯის პერიოდის დასაწყისში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით იაპონიაში ევროპელი მეცნიერების დახმარებით იწყება ფაიფურზე ტიხრული მინანქრის წარმოება. ამ ტექნიკით მუშაობა საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო, ამიტომ ამ სახის ნიმუშები მხოლოდ ცოტა ხანს - XIX საუკუნის 80 იან წლებში მზადდებოდა და სახელოსნოები მალევე კვლავ სპილენძზე ტიხრული მინანქრის წარმოებას დაუბრუნდნენ. ისევე როგორც ამ ტექნიკით შესრულებულ სხვა ნიმუშებზე, აქაც მთავარი მოტივები ჩიტები, ყვავილები და აყვავებული საკურაა.

ნინგიო - იაპონური თოჯინა

ნინგიო იგივე თოჯინა, იეროგლიფი, რომელსაც იაპონელები ამ სიტყვის ჩასაწერად იყენებენ ორ მნიშვნელობას აერთიანებს - ადამიანს და ფორმას. არსებობს ნინგიოს უამრავი სახეობა. მათი დამზადების ტრადიცია შორეულ წარსულში იღებს სათავეს, რაც დადასტურებულია არქეოლოგიური გათხრებით. უძველეს წარსულში თოჯინები დამცავი თილისმის ფუნქციას ატარებდნენ. დღესდღეობით ნინგიო იაპონიაში სტუმრად მყოფ ტურისტთა ერთ-ერთი უსაყვარლესი სუვენირია. ედოს პერიოდიდან გავრცელდა იაპონური თოჯინების მრავალი სახესხვაობა. მათ ძირითადად ხისგან, ქსოვილისა და თიხისგან ამზადებდნენ. თოჯინები განასახიერებდნენ ცნობილ მეომრებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს, ღვთაებებს, დემონებს, ცხოველებს და ა.შ.

აკაბეკო - წითელი ძროხა

აკაბეკო, ძროხა - იაპონური ტრადიციული სათამაშოა აიძუს რეგიონიდან, (ფუკუშიმას პრეფექტურა). მას იაპონიაში XVI-XVII საუკუნიდან ამზადებენ. აკაბეკო აიძუს რეგიონის ერთ-ერთი სიმბოლოა. დასადგამი სათამაშო, როგორც წესი, ხისგან და პაპიე-მაშესგან მზადდება და მოძრაობისას თავს აქნევს. ლეგენდის თანახმად, IX სუკუნეში, აიძუს რეგიონში ცხოვრობდა ძროხა, რომელიც ბუდას ტაძრის აშენებაში დაეხმარა და მისდამი ერთგულების ნიშნად ეს ტაძარი არასოდეს დაუტოვებია. იაპონელეთა რწმენით, აკაბეკო ყვავილისა და სხვა ინფექციური დაავადებისაგან იცავს ადამიანს.

კოკეში

იაპონური ხელნაკეთი თოჯინა, მზადდება ხისგან. ტრადიციული კოკეში ყოველთვის გოგონას გამოსახავს. თოჯინა ხის ორი ნაწილისგან შედგება - მარტივი ცილინდრული ფორმის ტანი და ზედ დამაგრებული მრგვალი თავი, დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ხელები და ფეხები არ აქვს. თავი მოძრავია და გადატრიალებისას ტირილის ხმას გამოსცემს. კოკეშის მოხატულობისას მცენარეული და ტრადიციული სიუჟეტები გამოიყენებოდა. ძირითადი ფერებია – წითელი, ყვითელი და შავი. ყოველი თოჯინა ხელით იხატება და ქვედა მხარეს ავტორისეული ხელმოწერა ახლავს. სავარაუდოდ, პირველი კოკეშის თოჯინების დამზადება ედოს პერიოდში დაიწყეს ჩრდილოეთ იაპონიაში, ტოჰოკუს რეგიონში.

დარუმა

იაპონური ტრადიციული სათამაშო. განასახიერებს ბოდჰიდჰარმას, იაპონური მითოლოგიის მიხედვით, ბედნიერების მომტან ღვთაებას. თოჯინა ხისგან, პაპიე-მაშესგან და ქაღალდისგან მზადდება, მას სიმძიმის ცენტრი სხეულის ქვედა ნაწილში აქვს მოთავსებული და ყოველი გადახრის შემდეგ იგი კვლავ ვერტიკალურ მდგომარეობას უბრუნდება. რაც სიმბოლურად მისი მფლობელის სიმტკიცესა და ურყეობას განასახიერებს. ლეგენდის მიხედვით, ცხრაწლიანი მედიტაციის შემდეგ ბოდჰიდჰარმას ხელ-ფეხი წაერთვა. ამიტომ არც დარუმას აქვს კიდურები. ჩვეულებრივ მას წითლად ღებავენ, უფრო იშვითად იყენებენ მწვანე, წითელ ან თეთრ ფერს. სახეზე უხატავენ წვერ – ულვაშს და თვალებს, ოღონდ გუგების გარეშე. დარუმა - ბუდისტური სკოლის ძენის ფუძემდებელ ბოდჰიდჰარმას იაპონური სახელია. დარუმა გამოიყენება სურვილების ჩაფიქრების საახალწლო რიტუალში. მფლობელი ჩაიფიქრებს სურვილს და თოჯინას ერთ-ერთ თვალში ხატავს გუგას, ნიკაპზე კი იწერება მისი სახელი. დარუმას ათავსებენ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას. თუ წლის განმავლობაში სურვილი ასრლულდება, მეორე თვალშიც ჩახატავენ გუგას, თუ არა – ტაძარში მიაქვთ, წვავენ და ახალს იძენენ. მისი დაწვა განწმენდის რიტუალია.

ედოს პერიოდი (1603-1868)

ტოკუგავას დინასტიის მმართველობის პერიოდში, იაპონიის დედაქალაქი ხდება ქალაქი ედო, დღევანდელი ტოკიო, სწორედ ამიტომ აღნიშნულ პერიოდს ედოს პერიოდს უწოდებენ. ედოს პერიოდში ქვეყნის ადმინისტრაცია შიოგუნების (შიოგუნი – სამხედრო სარდალი) ხელში იყო. ტოკუგავას შიოგუნატი, რომელსაც იეიასუ ტოკუგავამ დაუდო საფუძველი 1868 წლამდე მართავდა იაპონიას, სანამ ის მეიჯის რეფორმების შედეგად არ დაემხო. შიოგუნების ძალაუფლება იმდენად ძლიერი იყო, რომ ისტორიული წყაროები ამ პერიოდს მოიხსენიებენ, როგორც ტოკუგავას ერას და იშვიათად, როგორც ედოს პერიოდს. ტოკუგავას შიოგუნებმა მთელი რიგი რეფორმები გაატარეს იაპონიაში. მათ სამურაების ფენა მიწათმოქმედების, ხელოსნების და ვაჭრების ფენაზე უფრო გავლენიან კლასად აქციეს. შიოგუნები უზარმაზარ რეზიდენციებს იშენებდნენ ედოში და ასევე ხელს უწყობდნენ ტაძრების, გზების მოწესრიგებას და მოვლას. ტოკუგავას მმართველობის პერიოდში მაღალ დონეს მიაღწია ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარებამ. ამ დროს ჩამოყალიბდა უკიო-ე, იაპონური ფერადი გრავიურის ხელოვნება. ედოს პერიოდიდანაა ცნობილი კაბუკის თეატრიც. ის გამორჩეულია დრამატურგიის სტილიზაციით და შემსრულებელთა ზედმიწევნითი, არაჩვეულებრივი მაკიაჟით. ედოს პერიოდში ახალ სიმაღლეზე ადის ფაიფურის, ტიხრული მინანქრის, ქვაზე კვეთის, სპილოს ძვლის მხატვრულ დამუშავების ხელოვნებაც. ტოკუგავას დინასტიის სიმბოლოა სამყურა ყვავილი, რაც გამოხატავს თანასწორუფლებიანობას.

რელიგია

იაპონელების უძველესი ეროვნული რელიგიაა შინტოიზმი (ღმერთების გზა), რომელიც შორეულ წარსულში, პირველყოფილი თემური წყობილებისას წარმოიშვა. ეს რელიგია თაყვანს სცემს წინაპართა სულებს და ბუნების ძალებს, ასახავს ადამიანის უძლურებას ბუნების წინაშე და აიძულებს მათ ეთაყვანონ ქარს, მზეს, თოვლს, წვიმას, ასევე, ცხოველებს და მცენარეებს. შინტოს მრავალრიცხოვან ღმერთებს შორის უმთავრესია მზის ქალღმერთი ამატერასუ. შინტოიზმის თანახმად, ადამიანების ღმერთებთან კავშირი სწორედ ამატერასუს შთამომავლის, იმპერატორ ჯიმუს მეშვეობით მყარდება, რომელმაც ძვ.წ. 660 წელს იმპერატორთა საგვარეულოს დაუდო სათავე, ამიტომაც იმპერატორი ღვთაებრივ არსებადაა მიჩნეული და ყოველი იაპონელის წინაპრად ითვლება. მისი ძალაუფლების სიმბოლოდ სამი წმინდა ნივთია აღიარებული, რომლებიც მზის ქალღმერთმა გადასცა თავის შთამომავალს : სარკე-ღვთაებრივი სიმბოლო, მახვილი-ძლიერება და იასპი- ერთგულება.

იაპონელები აგრეთვე ეთაყვანებიან ქარიშხლის ღმერთს- სუსანოოს, მთვარის ღმერთს ცუკიომის, ბრინჯის ღმერთს ინარის და მიწათმოქმედების სხვადასხვა ღვთაებას. ისინი დიდ პატივს სცემენ გეოგრაფიულ ადგილებს, განსაკუთრებით კი, მთებს. რომელთა შორის გამორჩეულია წმინდა მთა ფუძიამა. შინტოიზმის თანახმად, ღმერთებმა გააჩინეს არა ზოგადად ადამიანები, არამედ მხოლოდ იაპონელები, აქედან გამომდინარე, იაპონელები დაბადებიდანვე შინტოს ეკუთვნიან და არ შეიძლება სხვა ეროვნების ადამიანი ამ რელიგიის მიმდევარი იყოს. საინტერესოა, რომ შინტოისტს არ ეკრძალება სხვა რელიგიის თაყვანისცემა, რადგანაც იაპონელი იბადება შინტოისტად და კვდება შინტოისტად , სხვა რელიგიის გაზიარება კი მხოლოდ დროებით მოვლენად აღიქმება.

აღნიშნული კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წლების მანძილზე სხვადასხვა გზებით იქმნებოდა. კოლექციის დიდი ნაწილი კავკასიის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის, მუზეუმ „მეტეხის“, წერა-კითხვის გამავრცელებელი, საისტორიო საეთნიოგრაფიო საზოგადოების კოლექციათა ბაზაზეა შექმნილი, რასაც XX საუკუნის შუა წლებიდან კერძო კოლექციონერებისა და სახელმწიფო შესყიდვების გზით შემოსული ექსპონატებიც დაემატა. გამოფენაზე წარმოდგენილი კოლექციის დარგობრივი და ჟანრული მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ იაპონური ხელოვნების განვითარების გრძელ გზას. იმავდროულად, ხელოვნების ნიმუშთა ამგვარი მრავალფეროვნება შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს მისი მკვეთრად ინდივიდუალური ხასიათი და განსაკუთრებით შთამბეჭდავი მხატვრული ესთეტიკა. გამოფენის პარალელურად გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამები.

ძალიან

ძალიან კარგად წერია. მომეწონა.

 მგონი 8 აპრილამდე არის ექსპოზიცია, და მინდა მოვასწრო და ვნახო :)

მზევინარ ხუციშვილი

დიდი მადლობა, 8 აპრილამდე იყო გათვალისწინებული, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს კიდევ, ზუსტად არ იციან...