Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ისტორია

4537737866_f8dc1da6df

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა 2006 წლის ზაფხულში  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის, სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკის და ი.გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმის გაერთიანების შედეგად.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 1941 წელს. მაშინ წიგნადი ფონდი 2000 ბეჭდურ ერთეულს აღწევდა. ძირითადი ფონდის ჩამოყალიბება დაიწყო 1948 წლიდან. 1949 წელს ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა ვ. უზნაძე, რომლის მთავარი საზრუნავი წიგნების ფონდის გაზრდა და ბიბლიოთეკის შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება იყო. ამ დროისათვის ბიბლიოთეკის წიგნების ფონდი უკვე 400 000 ბეჭდურ ერთეულს შეიცავდა. დაგროვდა მეცნიერების თითქმის ყველა დარგის ლიტერატურა. 1955 წლიდან ბიბლიოთეკამ კავშირი დაამყარა ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების ათასზე მეტ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასა და გამომცემლობასთან.განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა უცხოეთში გამოცემული ქართველოლოგიური ლიტერატურისა და საზღვარგარეთის ძველი კულტურული კერების სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ხელნაწერების მიკროფილმების მიღებას საერთაშორისო წიგნთგაცვლით. სხვადასხვა დროს ბიბლიოთეკამ ანდერძით ან შესყიდვით მიიღო ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების – ექვთიმე თაყაიშვილის, ვ. ბერიძის, ს. ნარიკაშვილის, ვ. ვორონინის, ა. ბაიკოვის, მ. პოლიევკტოვის, გ. ლომთათიძის, ნ.ლორთქიფანიძის, ძმები ი. და ვ. ასლანიშვილების და სხვ. – პირადი ბიბლიოთეკები. პოეტმა–აკადემიკოსმა იოსებ გრიშაშვილმა სახელმწიფოს უანდერძა ასიათასტომიანი ბიბლიოთეკა–მუზეუმი, რომელიც მრავალ იშვიათ გამოცემას შეიცავს. ი. გრიშაშვილის სახლ–მუზეუმიც (ალგეთის ქ. 1) დღეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემადგენლობაშია. ბიბლიოთეკა დაარსებიდან ფართობის მხრივ სივიწროვეს განიცდიდა, რადგან აკადემიის პრეზიდიუმის შენობაში იყო განთავსებული. ამიტომ  (რაშიც დიდი წვლილი სწორედ ვ. უზნაძესაც მიუძღოდა) საბურთალოზე, ცირკის მოპირდაპირე მხარეს, აკადემქალაქის (სადაც იმ დროისათვის უკვე რამდენიმე სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი იყო განლაგებული) ტერიტორიაზე, საგანგებოდ აიგო სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა, რაც 1970 წლისთვის განხორციელდა (არქიტექტორები გ. ლეჟავა და ი. ლიბერმანი). დღესდღეობით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მდებარეობს სწორედ ამ კაპიტალურ ხუთსართულიან ნათელ შენობაში (მ. ალექსიძის ქ. 1-4) ,რომელიც ისეა აგებული, რომ მკითხველს მომსახურების მხრივ მაქსიმალური კომფორტი შეექმნას.

ამჟამად ს. ს. ი. პ. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოს უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომლის წიგნების ფონდი 3,5 მილიონს აღწევს, აქედან 600 ათასზე მეტი უცხოური გამოცემაა, 2 მილიონ პერიოდულ გამოცემას, უნივერსალური პროფილის სამეცნიერო, ძირითადად ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგების ლიტერატურას. რარიტეტისა და კოლექციების ფონდი მოიცავს 22635 ბეჭდურ ერთეულს. აქ დაცულია არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი ბიბლიოთეკა, აგრეთვე, მრავალი რარიტეტული გამოცემა, მათ შორის ისეთებიც, რომელთა მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. ვატიკანის ბიბლიოთეკიდან მიღებულია ვ. კორბოს წიგნი, რომელშიც აღწერილია V-VI სს. ქართული მონასტრის ნაშთები; ოქსფორდის უნივერსიტეტიდან მიღებულია X საუკუნის ხელნაწერის – ბერთის სახარების მიკროფილმი; აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკიდან მიღებულია IX-XI საუკუნეების ე.წ. სინური და იერუსალიმური ქართული ხელნაწერების მიკროფილმები. ბიბლიოთეკის ფონდში ინახება "ვეფხისტყაოსანი"ს ყველა ქართული გამოცემა და თარგმანი და ბევრი სხვა უნიკალური გამოცემა. ბიბლიოთეკაში დაცულია XVIII-XIX საუკუნეებში გამოცემული უნიკალური ქართული წიგნები. პირველი ქართული პერიოდული გამოცემების არასრული კოლექცია: გაზეთი ივერია (1886-1909), ცნობის ფურცელი (1901-1906), მწყემსი (1883 წ), საქართველოს მოამბე (1909 წ), დროება (1909 წ), სახალხო ფურცელი (1914 წ). XVIII-XIX სს. რუსული იშვიათი წიგნები და პერიოდიკა უძველესი ებრაული, სომხური წიგნები. არსებობს იშვიათი ევროპული წიგნების მე-16 საუკუნის კოლექცია. იშვიათ ფონდშია 1643 წელს გამოცემული გოთური ანბანით შესულებული წიგნები.

4644585712_be71657741

იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 

ალგეთის შესახვევის ნომერი პირველი სახლი ხარფუხში ჩვენი საუკუნის ათიანი წლებიდანვე იყო ცნობილი. პატარა ორსართულიანი და შუშაბანდიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა იოსებ გრიშაშვილი. ხარფუხის უბნის იმ პატარა სახლში წლების განმავლობაში გრიშაშვილმა თავი მოუყარა უიშვიათეს წიგნებს და შექმნა ისეთი სოლიდური ბიბლიოთეკა, რომლის მსგავსი საქართველოში სხვა არ არის. ღირსეულმა მამულიშვილმა და პოეტმა ანდერძით თავისი უნიკალური ბიბლიოთეკა და ძველი თბილისის ყოფისთვის დამახასიათებელი მრავალი ეთნოგრაფიული ნივთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადასცა. მოგვიანებით იმ პატარა სახლის ნაცვლად აშენდა ლამაზი შენობა, რომელშიც განთავსებულია იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკაში დაცულია ათასზე მეტი სამუსიკო ნაწარმოების ნოტები, რვაასზე მეტი გრამოფონის ფირფიტა, ოთხას ოთხმოცდასამი სათეატრო აფიშა, სათეატრო დადგმათა ხუთას ოთხმოცდაშვიდი პროგრამა, უამრავი სხვადასხვა სურათი, ძველი თბილისის ხედები (ოთხასი ცალი), ოცდათხუთმეტი ფოტოალბომი მწერალთა სურათებით და ი. გრიშაშვილის ნაცნობ-მეგობართა გამოსახულებით და სამას ოთხმოცდაათი ძველი თბილისის ყოფისა და კულტურის ამსახავი ნივთი... 

აქვე ინახება პოეტის არქივი, რომელშიც მისი ავტოგრაფები, ნაცნობ-მეგობრებთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან მიწერ-მოწერა, მწერალთა და პოეტთა არქივები, გამოკვლევები და სხვა ხელნაწერებია დაგროვილი.

 

4644585714_392ea0f0db

გ. მიქელაძის სახელობის ტექნიკური ბიბლიოთეკა  1950 წლებში ტექნიკური ბიბლიოთეკა (წიგნადი ფონდი, პერიოდიკა, გამოგონებები, საარქივო მასალები) ეკუთვნოდა „საქნახშირს“. როდესაც შეიქმნა საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭო, ბიბლიოთეკა გადავიდა მის დაქვემდებარებაში და იწოდებოდა, როგორც საქ. სახალხო მეურნეობის საბჭოს ცენტრალური ტექნიკური ბიბლიოთეკა. 1965 წელს მინისტრთა საბჭოს ბრძანების საფუძველზე, ტექნიკური ბიბლიოთეკა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის, სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებული ბიბლიოთეკა გაერთიანდა და დაარსდა რესპუბლიკური სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკა. 1966 წლიდან მეცნიერების და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის გ.შ.მიქელაძის დახმარებით ბიბლიოთეკამ დაიწყო შევსება ახალი ლიტერატურით, ასევე გამოგონებებით. ამავე პერიოდში გადაწყდა ახალი შენობის აშენება და 1986 წელს ბიბლიოთეკა გადავიდა ახალ შენიბაში(მ. კოსტავას ქ.# 47). გ.მიქელაძის გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკა ატარებს მის სახელს.

ტექნიკური ბიბლიოთეკა საქართველოში ერთადერთი ტექნიკური პროფილის უნივერსალური ბიბლიოთეკაა, მის ფონდში 21 მლნ. ერთეული უნიკალური ლიტერატურა. ფონდის ძირითადი ნაწილია საპატენტო დოკუმენტაცია მსოფლიოს 63 ქვეყნის საკმაოდ სრული ფონდი, მათ შორის საქართველოს პატენტის აღწერილობა გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელზე, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია, პერიოდული გამოცემები, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რეფერატული ჟურნალები.

საპატენტო რეფერატულ და ბიბლიოგრაფიულ ბიულეტენებში მოცემულია მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების, ევროპის საპატენტო უწყების, აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის და ინგლისის საინფორმაციო ფირმა “დერვენტის დოკუმენტაცია”. ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი წამყვანია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის განყოფილება. მისი ფონდი მოიცავს საქართველოს, აგრეთვე ეკონომიკურ ურთიერთობის ქვეყნების და საერთაშორისო ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციას. ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში შედის შემდეგი სახის დოკუმენტები: სახელმწიფო სტანდარტები, ტექნიკური პირობები, სამრეწველო კატალოგები.

უსინათლოთა და მცირემხედველთა საბიბლიოთეკო მომსახურების ცენტრი

უსინათლოთა და მცირე მხედველთა საბიბლიოთეკო მომსახურების ცენტრი დაფუძნდა ასოციაცია „უსინათლოების საზღვრების გარეშე“ და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა არის საქართელოში მე- 3 ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის შემდეგ, სადაც უსინათლოთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დაარსდა 2008 წლის იანვარში და მისი ძირითადი მისიაა სამეცნიერო-ტექნიკური და საგანმანათლებო ლიტერატურით სპეციალიზირებული მომსახურების შექმნა.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, უსინათლოებისთვის ადაპტირებული საპროგრამო უზრუნველყოფით და სხვა ტექნიკით. უსინათლოებისათვის ადაპტირებული პროგრამული უზრუნველყოფა „ბუ“, საშუალებას აძლევს უსინათლოებს მოისმინონ წიგნები და ასევე სხვა დოკუმენტები ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.

ცენტრის საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი:

• 1000-მდე ქართული და 30000 რუსული ელექტრონული დოკუმენტი (ასევე ინგლისური ტექსტები)

 • 1500 საათიანი აუდიო- ჩანაწერი (ტექსტები ლაზერულ დისკებზე). მცირემხედველებს საშუალება აქვთ პროგრამა “ ზუმტექსტის’’ საშუალებით გაადიდონ შრიფტი და დამოუკიდებლად შეძლონ კითხვა.