მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის თემაზე შეხვედრები დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით პროექტი ”ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში” ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობაა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. გამოკვლევების თანახმად, რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, ესაუბრება მას განათლების მიღების მნიშვნელობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მას სწავლების პროცესში შექმნილი პრობლემების გადალახვაში, მით უფრო მკვეთრად იზრდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება სკოლაში. იზრდება მოსწავლის მოტივაცია, ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, იზრდება სასკოლო გეგმაში დასახული მიზნების შესრულების ხარისხი, სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი.
- Login to post comments