ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი იხსნება
ორშაბათს ბათუმის დრამატულ თეატრში მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – “წმინდა ანდრიას ჯვარი” გაიხსნება და პარასკევს დაიხურება. ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრესა.გე აჭარის ა/რ კულტურის ყოფილ მინისტრს, მათე ტაკიძეს შეხვდა და ესაუბრა – ის ახლა მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორია.
ფესტივალი წელს მეხუთედ ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი, შემდეგი კატეგორიის ქართული და უცხოური ფილმები: მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სტუდენტური. ასევე, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი ტელეფილმები, ტელეპროგრამები, სარეკლამო რგოლები და კლიპები. როგორც მათე ტაკიძემ გვითხრა, ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებში, სულიერებასთან ერთად აქცენტი ეთნოგრაფიაზეცაა გაკეთებული.
ფესტივალი ტარდება საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, მისი უშუალო პატრონაჟით და ეძღვნება სვეტიცხოვლის აშენებიდან 1 700 და განახლებიდან მეათასე წლისთავს.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერ თემატიკაზე შექმნილი ანიმაციური ფილმები, რადგან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ანიმაციის საშუალებით მიწოდებული ღვთის სიტყვა, კარგად აღსაქმელია“, – ამბობს ფესტივალის დირექტორი.
- Login to post comments