Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ნადირობის ფენომენოლოგია (გაგრძელება): ღვთაება დალის შესახებ


13:59 23.10.2010 Presa.ge
[კახა კაციტაძე]

 

ყველა ხსენებულ სიტაციაში დალი გაორებული არსებაა, ერთდროულად სიყვარულთან და სიძულვილთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული. როგორც ჩანს, დალის შესახებ ეპიურ პლასტს უკან იმალება უფრო ღრმა მითოსური პლასტი ნადირობის ქალღმერთისა და პირველმონადირის თანაშერწყმისა, რისშედეგადაც მზეებრი გმირი იბადება. ამირანის ეპოსში, სახელდობრ სვანურ ვერსიაში, ეს მოტივი ასევე შემორჩენილია.

 

სვანური ვერსია მთელი რიგი მაჩვენებლებით ყველაზე არქაულია სხვა ვერსიებთან შედარებით. ამირანის მამა დასაბამისეული ვერსიით ჩანს სწორედ მონადირე უნდა იყოს. ჩანს მჭედელი მონადირეს უფრო გვიანდელ, რკინის ხანის მსოფლმხედველობით შთაგონებულ ვერსიებში ენაცვლება. ყოველ შემთხვევაში, მზეჭაბუკისებრი გმირი ამირანი ყველაზე არქაულ ვერსიაშიც ცხოველთა ნაყოფიერების ღვთაებისა და მონადირის შვილია.

 

შევაჯამოთ: ქართველურ ტომებში არსებობდა ნადირობასთან დაკავშირებული ქალღვთაება, რომელსაც ახასიათებდა:

 

• ნადირთა ნაყოფიერების ბალანსის დამყარება; ის  თავის ფავორიტ მონადირეს უძღვნიდა  ნანადირევის გარკვეულ ოდენობას;

• გარდა ნანადირევისა, ის ფავორიტს ჩუქნიდა თავისი კეთილგანწყობის დამადასტურებელ ტაბუირებულ ნივთს; მონადირეს ეს ნივთი საიდუმლოდ უნდა შეენახა. ტაბუს დარღვევას ნადირობისას ფავორიტის სიკვდილი მოსდევდა;

• დალის ბუნება გაორებულია, მასში ერთდროულად მოცემულია სიცოცხლეც და სიკვდილიც, ფავორიტის გაწირვაც და გულწრფელი წუხილიც მისი დაღუპვის გამო; ის სასტიკიცაა და სენტიმენტალურიც;

• არტემიდესაგან განსხვავებით დალი არ არის ნადირთა ქალწული ღვთაება, ის უფრო ძველაღმოსავლური ნადირობის, სიყვარულისა და ომის ქალღმერთთა მსგავსად ორგიასტული ღვთაება უნდა ყოფილიყო, რომლის “კომპეტენციაშიც”, ჩანს, გარდა ნადირობისა, სიყვარულიც შედიოდა;

• დალის საკრალური ცხოველი უნდა ყოფილიყო ჯიხვი (აგრეთვე ირემიც. ეს ორი ცხოველი ერთმანეთს ხშირად ენაცვლება). ამასთან, არა უბრალო ჯიხვი, არამედ გამორჩეული. მაგალითად, თეთრი ფერისა ან ოქროსრქიანი.

• დალის საცხოვრისი უკავშირდება კლდეს, მთას, საკრალურ ადგილს. ის შეიძლება განასახიერებდეს სამყაროს ცენტრს ან მოთავსებული იყოს ორწევროვან ვერტიკალურ ჭრილში, სისტემით “ზევით” და “ქვევით”. ამასთან “ზევით”-ს იმთავითვე უკავშირდება ყორანი, ხოლო “ქვეითს” – დათვი. შემდეგ ხდება ამ ცხოვე-ლების ჩანაცვლება ორბითა (არწივით) და მგლით.

•დალის სხვა მონადირე ღვთაებებისაგან (ინანა, იშთარი, არტემიდე) განასხვავებს ის, რომ იგი არ არის მეომარი ღვთაება. მისი სფერო ცხოველთა ნაყოფიერება და სიყვარულია. ის იმ დროიდან მომავალი ღვთაებაა, როდესაც ნადირობა და ომი ერთმანეთისაგან არც იყო გამიჯნული. როგორც ჩანს, დალის ფესვები სადღაც ნეოლითში იკარგება მანამ, სანამ რკინის ხანა დაგდებოდა (მეომართა ცალკე ხელობად გამოყოფითურთ). მონადირესთან კავშირით დალი მზეჭაბუკ მეომარს, დემონურ არსებათა შემმუსვრელს შობს, რომელიც ინიციაციას გაივლის მჭედლის დახმარებით (მეტიც, ნაკლებ არქაულ ვერსიებში უკვე დავიწყებულია, რომ ამირანის მამა მონადირე/მეომარია და ის მჭედლით ჩანაცვლდება). ცხოველთა ნაყოფიერების ღვთაებას ომთან არა აქვს პირდაპირი კავშირი, მაგრამ არაპირდაპირი დიაღაც რომ აქვს. ის ხომ მეომრის დედაა. 

 

ირემი, ნადირობა და სივრცის ათვისება

როგორც აღვნიშნეთ, ნებისმიერი ნადირობა გულისხმობს საზღვრის გარკვეულ გადალახვას, საზღვრისა, რომელიც ერთმანეთისაგან ჰყოფს ადამიანის მიერ ათვისებულ სივრცესა და უღრან, უსიერ ტყეს, რომელიც აწ-მყოში პირველქმნილი ქაოსის გამოვლინებას თუ რელიქტს წარმოადგენს. მონადირის მეშვეობით ეს პირველქაოსისებრი ტყე ნაწილობრივ მაინც არის ათვისებული და ადამიანის საარსებო გარემოში ჩართული.

 

ტყის ამგვარი სტრუქტურირებითა და ათვისებით მონადირე იმეორებს დემიურგულ საქმეს, ის ქაოსს სახეს აძლევს, ითვისებს მას და დალაგებული სამყაროს, კოსმოსის, სახით აყალიბებს. ამიტომაც არის, რომ ნადირობა არა მხოლოდ “ბუნებრივი”,  არამედ სოციალური კოსმოსის შექმნასაც ნიშნავს. საკრალურად გააზრებული სოციალურპოლიტიკური და კულტურული სივრცე ხშირად ნადირობისას იქმნება.

 

შორს რომ არ წავიდეთ, ფარნავაზზე მითითებაც საკმარისია. “ფარნავაზის ცხოვრებაში” ვკითხულობთ: “ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველთა დიღომისასა. და  ილტვოდნენ ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ განვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი, მწუხრი, გარდახდა, და დაჯდა ირემსა მის თანა, რათამცა დაყო მუნ ღამე და დილეულმცა წარვიდა. ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქუითა ძუელად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასხვა წვიმა მძაფრი, ხოლო ფარნავაზ ამოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია კარი ქუაბსა მას; და იხილა მუნ შინა  განძი მიუწვდომელი”

 

ამ განძით ფარნავაზი მეფობას მიაღწევს და იბერიის სახელმწიფოს დააარსებს. ამრიგად, ნადირობა (და თანაც ირემზე ნადირობა) აქ პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს დაარსებასთან. ასეთი რამ მხოლოდ ქართული არქაული ფოლკლორისათვის როდია დამახასიათებელი. შეგვიძლია გავიხსენოთ თქმულება მოლდოვის სამთავროს დაარსებაზე. ეს ლეგენდა პოლონურ-მოლდოვურ, ტრანსილვანიურ და რუმინულ ქრონიკებშია  შემონახული. გთავაზობთ მის შეჯერებულ ვერსიას.

 

თქმულების თანახმად, ღვთის ნებით, ვოევოდა დრაგოში ნადირობდა. ნადირობისას თანამგზავრებთან ერთად ზუბრის კვალს გადააწყდა. მისდია კვალს, მთები გადაიარა და მშვენიერ ველ ადგილს მიაღწია. მან მიაღწია ადგილს, სახელად მარამურეშს, ამავე სახელის მქონე მდინარის სიახლოვეს, სადაც მოკლა  კიდეც ზუბრი. დრუგაშმა გადაწყვიტა, დასახლებულიყო ამ ადგილას და თავის სუზერენს, უნგრეთის მეფეს, სთხოვა  მთავრის ქვეშევრდომებისათვის  გადასახლების ნება დაერთო. მეფე უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა (არ უნდოდა კარგი ვასალის დაკარგვა).

 

დრაგოშმა ახალი საცხოვრისის ტერიტორიაზე სამთავრო შექმნა. ქვეშევრდომებმა ის მთავრად აირჩიეს. ხსენებული იღბლიანი ნადირობის აღსანიშნავად ახლადდაარსებული სამეფოს ღერბზე ზუბრის თავი იქნა გამოხატული. რამდენადაც ძაღლს, რომელიც ზუბრს პირველი დაეწია, მოლდა ერქვა, ახალ მხარეს მოლდოვა დაარქვეს.

 

როგორც ვთქვით, ნადირობა, ათვისება, დაპყრობა ერთი ჯურის მოვლენებია და ახალი სივრცის შექმნას გულისხმობს. ამ მხრივ ნადირობა განსაკუთრებით ირემზე ან მის ჩამნაცვლებელზე (ჯიხვი, ზუბრი, ბიზონი და ა.შ.) ცხენის შეწირვის რიტუალით ქალაქის დაარსების მსგავსია. ნადირობა არ უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს იღბლიან დაარსებას, ის შეიძლება ქალაქის დაარსებასაც უკავშირდებოდეს. სლენგური გამოთქმა “კარენოი თბილისელი, ბრატ, გორგასლის ხოხობი იყო”, – ამ ვითარების გაშარჟებული ფორმაა.

 

მონადირის აღსასრული

მონადირის შინაგანი ტრანსფორმაცია, მის არსში ჩადებული შინაგანი წინააღმდეგობების განვითარება, მონადირის მეომრად ქცევას იწვევს. ახლა აღვწერთ იმას, თუ როგორ ხდებოდა ეს. ოღონდ, უნდა გვახსოვდეს, რომ, რასაც ახლა გადმოვცემთ, ერთგვარი იდეალური მოდელია, რომელიც რეალობაში შეიძლება საერთოდაც არც ყოფილა. მაგრამ ეს მოდელი გვეხმარება გავიაზროთ მონადირის აღსასრულისა და მისი და ნადირობის ქალღმერთისგან მეომრის დაბადების პროცესი, რაც ერთგვარი მითია, პლატონისეული აზრით, თვალსაჩინო გადმოცემაა იმისა, როგორ იშვა მეომარი.

 

როდესაც პლატონს ლოგიკური აპარატი აღარ ჰყოფნიდა იმის გამოსახატავად, რისი თქმაც სურდა, ის მითს ქმნიდა და ამ მითით მკითხველს თვალსაჩინოდ ეუბნებოდა იმას, რაც აბსტრაქტული აზროვნების სტიქიაში გამოუხატავი იყო. მონადირის არსი ნადირობაა. ნადირობისას მონადირე ნანადირევს მოიპოვებს. ნადირობა, როგორც უკვე ვნახეთ, მხოლოდ სარჩოს მოპოვება არ არის. ის რიტუალის ხასიათსაც ატარებს, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ნადირობისას მრავალი ნებაყოფლობით ნაკისრები ვალდებულების, ტაბუს თუ გეისის, დაცვა უწევთ.

 

მონადირეს ნანადირევი სჭირდება, ის ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად ვერ იარსებებს ნანადირევის გარეშე. მაშასადამე, მას რაღაც აკლია, ნაკლოვანია და ცდილობს თავისი ნაკლოვანება ნადირობის აქტით შეავსოს. მაგრამ ნადირებიც, რომლებიც მონადირის ობიექტებს წარმოადგენენ, სასრული არსებანი არიან და თავის არსებობაში ნადირობის ქალღმერთზე არიან დამოკიდებულნი. მონადირეც ასევეა ნადირობის ქალღმერთზე დამოკიდებული, თანაც ორი ასპექტით: ქალღმერთის გარეშე საერთოდ არ იქნებოდნენ გარეული ცხოველები და, მეორე მხრივ, ქალღმერთი აწესებს, რა და რა ოდენობით უნდა მოინადიროს მონადირემ ნადირობისას.

 

გამოდის, რომ ნადირობის ქალღმერთი აძლევს არსობრივ (ხაზს ვუსვამ არა მხოლოდ ბიოლოგიურ, არამედ არსობრივ) დასაბამს მონადირესაც, იმასაც, რაც მონადირის ნანადირევი უნდა გახდეს და თვითონ ნადირობასაც. მაგრამ რაშია ნადირობის არ-

სი? ნადირობის არსი მდგომარეობს ერთი სასრული არსების მიერ მეორის მიდევნაში, მიწევნაში, შეპყრობაში, ათვისებასა და გადახარშვაში. რასაკვირველია, ამას არ ვამბობთ მხოლოდ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ასპექტებით. ეს ხუთი ქმედება უნივერსალური მოდელია, რომლითაც შეიძლება აღიწეროს ნებისმიერი ქმედება, ფიზიკურიდან დაწყებული და ინტელექტუალურით დამთავრებული.

 

ამ აზრით სიბრძნეზეც ისევე შეიძლება ნადირობა, როგორც ირმებზე.  ფილოსოფოსი მხოლოდ სიბრძნის მეგობარი და მოყვარული როდია. ის სიბრძნეზე მონადირეცაა. სიბრძნეზე ნადირობაც გულისხმობს გამოდევნებას, მიწევნას (შემთხვევითი არ არის, რომ იოანე პეტრიწი, მეცნიერების, კერძოდ ფილოსოფიის, აღსანიშნად ქმნის ნადირობის ლექსიკიდან აღებულ ტერმინს “ზედმიწევნა”-ს), ათვისებასა და გადახარშვას.

 

XIV-XV საუკუნეების დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა ნიკოლაუს კუზელმა თავის ერთ ნაშრომს “სიბრძნეზე ნადირობა” უწოდა. ოღონდ სიბრძნეზე მონადირეს უნდა ახსოვდეს, რომ მას ნადირობისას ბევრად მეტის გავლა მოუწევს, ვიდრე ცხრა მთისა და ცხრა ზღვისა. ეს ისე, სხვათა შორის. ახლა ისევ საკუთრივ ცხოველზე ნადირობის არსს დავუბრუნდეთ. მონადირეცა და ისიც, რაც მონადირებულ უნდა იქნას, ორივენი სასრული არსებანი არიან და თავის არსებობაში რაღაც მესამეზე, ნადირობის ქალღმერთზე დამოკიდებულნი. მაგრამ ვითარების მთელი პიკანტურობა ის არის, რომ ეს ქალღმერთიც არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, ანუ არ არის გულგრილი იმის მიმართ, არსებობს თუ არა მონადირე და ნანადირევი. მათი გაქრობით, მისი, როგორც მონადირეობის ქალღმერთის, ფუნქციაც ამოიწურებოდა. ამიტომ მან მუდმივად უნდა იზრუნოს გარკვეულ ბალანსზე მონადირესა და ნანადირევს შორის, რათა არ დაიკარგოს ცხოველური ნაყოფიერება. ნადირობის ქალღმერთი თავად უნდა იყოს ნაყოფიერი. ეს კი მხოლოდ მონადირესთან ან ნადირთან რიტუალური შერწყმით შეიძლება. მეორე ასპექტს (ნადირთან რიტუალურ თანაშერწყმას) ამჟამად არ შევეხებით, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ბევრი ხალხის მითოსში ამ ხალხის პირველწინაპარი ქალია, რომელიც მამრ ცხოველს (ან პირუკუ, დედალი ცხოველი მამრს) შეერწყა.

 

რაც შეეხება მონადირისა და ნადირობის ღვთაების შერწყმას, მას არქაული ცნობიერება ერთგვარად იაზრებს – როგორც ფიზიკურ, ისე სიმბოლურ ასპექტში. ამიტომ მონადირისა და ნადირობის ღვთაების კონტაქტი განმსაზღვრელია ნაყოფიერების იმ ბალანსისა, რომელიც საშუალებას აძლევს: მონადირეს იარსებოს მონადირედ, იმას, რაზეც ნადირობენ – სანადიროდ, ხოლო ნაყოფიერებისა და ნადირობის ღვთაებას – ღვთაებად. ზემოთ მოყვანილი სვანური თქმულება დალის, მისი ვაჟის, მგლისა და მონადირის შესახებ სტატისტიკურადაც კი გამოხატავს ამ ბალანს: დალთან ერთი დაწოლა = ენკენისთვეში სამი ჯიხვი = წელიწადში N N რაოდენობის არჩვები. 

 

ამრიგად, ნადირობის შინაგანი ლოგიკით ნადირობის ქალღმერთი თავისი და ბუნების ნაყოფიერების უზრუნველყოფის მიზნით იძულებულია მონადირეს შეერწყას. მაგრამ მონადირე სასრულია. მისი სასრულობა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იმაში გამოიხატება, რომ მრავალი ტაბუთია შეზღუდული, რომელთა დარღვევა მის დაღუპვას იწვევს. არადა, ეს ტაბუ რომ არ დაარღვიოს, არც ეს შეუძლია, ვინაიდან გამოვიდოდა, რომ აბსოლუტურად დაუწესებდა თავის თავს მოქმედების წესებს, ანუ სასრული აღარ იქნებოდა. მონადირის სასრულობა დალთან მისი კავშირის გაწყვეტის დრამის გარანტიაა. მაგრამ იმის გამო, რომ ღვთაებაც საჭიროებს ყოვლის-

გამანაყოფიერებელ განაყოფიერებას, ის იძულებულია ახალი მონადირე მოძებნოს და ა. შ. დაუსრულებლად.

 

აქედან ნათელი ხდება, რატომ ახასიათებთ ნადირობის ქალღმერთებს ორგიასტული ნიშნები. არტემიდეს ქალწულობა, როგორც ეტყობა, მაშინ ჩნდება, როდესაც ეს ღვთაება ნაწილობრივ მაინც კარგავს ნადირობის ღვთაებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს.  მაგრამ ვინ უნდა იშვას მონადირისა და ნადირობის ქალღმერთის თანაშერწყმისაგან? რასაკვირველია, ის, ვინც თავის თავში აერთიანებს მამისათვის დამახასიათებელ სასრულობასაც და დედისათვის დამახასიათებელ უსასრულობასაც. სასრულობისა და უსასრულობის ეს სინთეზი არის გმირი ანუ არსება, რომელიც არ არის ღვთაება და ამ აზრით დედაზე დაბლა დგას, მაგრამ, როგორც ღვთაების შვილი, უსასრულობასთან ნაზიარები, გმირია, ანუ მამაზე მაღლა დგას.

 

რაში უნდა გამოიხატებოდეს მისი აღმატებულობა მამაზე, გინდ ეს უკანასკნელი ნებროთივით წარმატებული მონადირე იყოს? რასაკვირველია, იმაში, რომ მამაზე უფრო ძლიერ რაიმეზე ნადირობს. მაგრამ რა შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ლომი, ვეფხვი ან სხვა მისთანანი, ცალკე თუ ერთად აღებული? ასეთი რამ თავად ნადირობაა! მონადირისა და ნადირობის ქალღმერთის შვილი იმითაა გამორჩეული მონადირე, რომ ნადირობაზე ნადირობს? მაგრამ როგორ შეიძლება ნადირობაზე ინადირო? ხომ გვხვდებიან დათვები, ლომები, ირმები, კურდღლები, მაგრამ არსად არ გვხვდება ნადირობა, როგორც ასეთი. როგორ მოვახერხოთ ვინადიროთ ნადირობაზე?პასუხი ერთია: სხვა მონადირეზე ნადირობის გზით. იდეალური მონადირე ნანადირევზე კი არა, სხვა მონადირეზე ნადირობს.

 

პრინციპში, მონადირეზე ნადირობა ნადირობის ქალღმერთისა და მონადირის გმირ შვილს დედისაგან ერგო. არტემიდეც მონადირეებზე მონადირეა. ირმად ქცეული აქტეონი, ორიონი ან ენდიმიონი, რომელნიც არტემიდემ მარადიული ძილით დააძინებინა ზევსს – ყველანი არტემიდეს მონადირებული მონადირეები არიან. მაგრამ რა სახეს იღებს მონადირეზე ნადირობა? ცხადია – ორმხრივს. ეს არაა ცალმხრივი აქტი. მონადირე მონადირეზე თავად ნადირობენ. ასეთი ნადირობა სხვა არაფერია, თუ არა ომი. ომი ორი მეტ-ნაკლებად ტოლი ძალის ერთმანეთზე ნადირობაა. ეს არაა ისეთი ვითარება, როგორც, ვთქვათ, ირემზე ნადირობის შემთხვევაში, როდესაც ნათელია – ვინაა  მონადირე და ვინაა მსხვერპლი (თუმცა, ნადირობას აქაც კი ახლავს რისკი, მონადირემ შეიძლება ნადირობის ქალღმერთი უნებლიედ გააბრაზოს, რასაც, როგორც ვიცით, მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. გარკვეული რისკი ნებისმიერი ნადირობისას, ისევე როგორც ნებისმიერი ქმედებისას, ჩვენი თანამგზავრია). ეს ორმხრივმსხვერპლიანი თამაშია, ნადირობაა.

 

ომი, თუგინდ ორ გმირს შორის, ორთაბრძოლა, იმით განსხვავდება ნადირობისგან, რომ ორივე მხარე ერთმანეთზე ნადირობს. ამიტომ მონადირისა და ნადირობის ქალღმერთის შვილი, ამირანი მეომრად იბადება.

 

ამით ითქვა, რატომ წარმოშობს ნადირობა ომს. აღსანიშნი დაგვრჩა ერთი გარემოება: ომისას წაშლილია ზღვარი მონადირესა და იმას შორის, რაც მონადირებულ უნდა იქნეს. მეტიც, ამ უკანასკნელმა შეიძლება თავად მოინადიროს მასზე მონადირე. ამიტომ ნადირობის ომად ტრანსფორმაციისას წინ ის ცხოველები იწევენ, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ მონადირეზე მონადირეები, ან საზოგადოდ მონადირეები მაინც. ამიტომაც არის, რომ ნადირობისას ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ცხოველების სიმბოლიკა ნაცვლდება ომთან, ერთმანეთზე ნადირობასთან დაკავშირებული ცხოველების სიმბოლიკით. ირმის ადგილს დათვი და მგელი იჭერს, მოგვიანებით კი – ლომი. ფრინველებიდან ყვავს არწივი ენაცვლება და ა.შ. ცვლილების არსი ნათელია: ირემზე ნადირობას, განსხვავებით მგელსა და დათვზე ნადირობისაგან, არა აქვს ორმხრივი ნადირობის სახე, როდესაც მონადირე შეიძლება თავად გახდეს

მგლის ან დათვის ნანადირევი. ამიტომ ომისათვის, როგორც მონადირეების ურთიერთნადირობისათვის, სამხედრო სიმბოლიკისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო ადამიანები, არამედ ის ცხოველებიც, რომლებიც მონადირეზე ნადირობის თვისებით არიან დაჯილდოებული.

 

არქაული სამხედრო მაგია გარკვეულწილად არც კი ატარებს მკვეთრ ზღვარს იმისა, თუ ვინ არის მონადირეზე მონადირე, ადამიანი თუ ამ უნარით დაჯილდოებული მხეცი.

 

მონადირე, მონადირეზე მონადირედ – მეომრად იქცევა და ეს ძველი მონადირის აღსასრულია.