Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მხოლოდ სამი დღით და უხმაუროდ...

fa1847d3bd64

თბილისობის ფარგლებში, "ქარვასლაში" მანაბა მაგომედოვას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ლითონზე მომუშავე, წარმოშობით კუბაჩელი ოსტატი თავის საქმიანობას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს, თუმცა ქალი ოქრომჭედლები იშვიათად ახსოვთ, როგორც ქართულ ხელოვნებაში, ისე დაღესტნურშიც.

გამოფენაზე მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენა თბილისობას მიეძღვნა, ხოლო მისი ავტორი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცეს.

მისი ნამუშევრები დღესდღეობით სამუზეუმო ექსპონატებია, დაცვის თანხლებით მოგზაურობენ და ნახევარ საუკუნეს ითვლიან. ისინი გვაცნობენ როგორც დაღესტნურ საოქრომჭედლო ხელოვნებას, ამ ხალხის ტრადიციებსა და დღემდე შემორჩენილ წეს-ჩვეულებებს, ასევე გვიყვებიან საქართველოზე და ქართულ ორნამენტზე. საქართველოს, დაღესტნისა და რუსეთის სახალხო მხატვარი, 82 წლის მანაბა მაგომედოვა წინაპრების გარდა, თავის მასწავლებლად ბექა ოპიზარს მიიჩნევს, რომელმაც ქართული ორნამენტის საიდუმლო გაანდო. "ნებისმიერ ლითონზე ვმუშაობ, მაგრამ ვერცხლი ჩემი სულისთვის უფრო ახლობელია. ოქრო უცხოა, ის მხოლოდ სიპრიალეს მაძლევს. ვერცხლი წყალსაც კი წმენდს, ვერცხლის მონეტა მუდამ ეგდო წყლის ჭურჭელში..." - ამბობს მანაბა მაგომედოვა.

ყველაფერი რომ გააკეთოთ, რის საშუალებასაც ვერცხლი იძლევა, 28 ტექნიკური ოპერაციის ცოდნაა საჭირო. ამ 28 ოპერაციითაა დამზადებული მისი ყელსაბამები და სამაჯურები, სინები, სურები, აზარფეშები, ვაზები, ფიალები, წიგნის ყდები, საკრავები, სხვადასხვა კომპოზიციები. თბილისის მუზეუმებში ნახავთ უნაგირისფორმიან სამაჯურს (რომელიც, ასევე, მანაბა მაგომედოვას მოფიქრებულია) და ტუალეტის მაგიდისათვის განკუთვნილ ნივთებსაც, მაგიდის ბლოკნოტის ყდა და მაგიდის ალბომიც სევადითა და ღრმა გრავირებით. ერთ სინზე კვიცია გამოსახული - როცა ოჯახში ვაჟიშვილი იბადებოდა, მამა მას კვიცს ჩუქნიდა - ასეთი იყო მთის ტრადიცია. ერთ-ერთ ვაზას კი, რომელიც თბილისის 1500 წლისთავისადმია მიძღვნილი, ვახტანგ გორგასლის ნადირობის სიუჟეტები ამკობს.
ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს. უმრავლესობა 60-იან წლებშია დამზადებული. მხატვარი განსაკუთრებით ერთ ხანჯალზე გვიყვება, რომელსაც "თბილისის სადარაჯოზე" ჰქვია და ჩვენი დედაქალაქიის დაარსების 1500 წლისთავის იუბილეზეა დამზადებული. ხანჯალი ერთი მხრიდან სპილოს ძვლებითაა გაფორმებული, მეორე კი ვერცხლის სევადით. შესაბამისად, მისი ხმარება ორი მხრიდან შეიძლება, როგორც თეთრ, ასევე შავ ჩოხაზე. ამ ხანჯალზე მხატვარი თავისი სახლის აივანზე, მთვარის შუქზე მუშაობდა. სიონის ქუჩაზე მდებარე სახლის აივანი მტკვარს გადაჰყურებდა და სწორედ მტკვრის დუდუნმა და მთვარის შუქმა მისცა მას შთაგონება ხელოვნების ამ შედევრის შესაქმნელად.

თბილისს მიუძღვნა მხატვარმა ბრინჯაოს დაფაზე ვერცხლით გაკეთებული კომპოზიციაც. მისი წარმოდგენით, თბილისი დგას ვეშაპზე, რომელსაც ზურგზე ნარიყალა და სიონი ადგას. "ამ ქალაქზე იმდენმა მტერმა გადაიარა, რომ ვეშაპს გამწარებით შეუკრავს კრიჭა, კუდიც აუპრეხია," - გვიხსნის ოსტატი. თბილისის თემაზე მას უამრავი კომპოზიცია აქვს გაკეთებული, ასევე ილია ჭავჭავაძისა და შოთა რუსთაველის თემებზე. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევარზე "ილიას მუხა" მან, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, თითქმის 2 წელი იმუშავა. ბრინჯაოს ხეში შედის მინანქრის გამჭვირვალე 4 ფირფიტა, რომელზეც ვერცხლით გამოსახულია ილიას 4 მთავარი ნაწარმოების კომპოზიციები. "ამ მუხის სანახავად ყვარელში ჩავედი. ეს გადაჭრილი ხე არის თვითონ ილია, რომელიც მოკლეს, მაგრამ ეს პატარა ყლორტი იმის ნიშანია, რომ მისი საქმე ისევ გრძელდება," - ამბობს მხატვარი.

ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც თბილისის მუზეუმების საცავებიდან, ასევე კერძო კოლექციებიდან: ირაკლი აბაშიძის, ჯუმბერ ლომინაძის ოჯახების, ასევე მარიამ დავითაშვილის, ციალა ხინთიბიძის და სხვათა პირადი კოლექციიდან.
სხვადასხვა ნივთებს შორის დამთვალიერებლის თვალი აუცილებლად გამოარჩევს ვერცხლის სარძევეს, რომელიც ასევე სევადითაა გაკეთებული. სევადის უწვრილესი ხაზი შუაზეა გაყოფილი და შიგნით ფოლადის წერტილებია ამოკვეთილი. და ეს წერტილები, რომელთა შორის მანძილი თითო მილიმეტრია, ამ პატარა სარძევეზე ათასობითაა. როგორც მხატვრის ქალიშვილი, მინანქრის ოსტატი ლეილა იზაბაკაროვა გვიხსნის, ამ ტექნიკით ახლა უკვე აღარავინ მუშაობს. თუკი 30 წლის წინ კუბაჩში სევადის გაკეთება ჩვეულებრივი ამბავი იყო, ახლა ეს ხელოვნება იქაც იკარგება.

შეკითხვაზე, - რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს გამოფენა, - მხატვარი გიპასუხებთ, რომ მისთვის დღეს ძალიან მტკივნეულია ამის აღქმა - მთელი ეს წლები რაც უკეთებია, მას აღარ ეკუთვნის და გამოფენაზე მათ გამოსატანად უკვე უამრავი ნებართვა და საბუთია საჭირო.

მანაბა მაგომედოვას ნამუშევრები, საქართველოსა და დაღესტნის გარდა, რუსეთის, თურქეთისა და ევროპის მუზეუმებშია დაცული. პირველი უცხოური გამოფენა 1954 წელს ოკლაჰომაში შედგა. სამწუხაროდ, ამ ნამუშევრებს ახალგაზრდა თაობა თითქმის არ იცნობს. ერთდღიანი გამოფენა 2004 წელს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზშიც მოეწყო. ამჯერად, "ქარვასლაში" გამოფენა სამწუხაროდ მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა და ისიც ჩუმად. ბევრმა ჩვენგანმა შემთხვევით გავიგეთ გამოფენის გახსნის შესახებ, არადა როცა ქვეყანას ასეთი ხელოვანი ჰყავს, მისი ნახვის და გაცნობის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს.