Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დაფერფლილი სულის ისტორია - ტერენტი გრანელი

ახალი 7 დღე,  25-11-2010, მზევინარ ხუციშვილი

1290687719_tttttttt

დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ტერენტის დედა - ივლიტა ლუკავა - ოთხი თუ ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონია, სათნო, კეთილშობილი, ღვთისმოსავი ქალი, რომელმაც საკუთარი შვილებივით შეიყვარა გერები. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს გამორჩეულად ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტიც უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. ნიჭიერებითა და განსწავლულობით სხვათაგან გამორჩეულ ტერენტის სკოლის გამგემ - პავლე შანავამ მეტსახელად „მოწაფეთა მეფე“ უწოდა. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს, მსოფლიო ლიტერატურის კორიფეების: ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას, გაიცნო და შეიყვარა პუშკინი, ბლოკი, ესენინი, ტიუტჩევი, ლერმონტოვი, დოსტოევსკი. განსაკუთრებული ინტერესით კითხულობდა ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობდა მათთან სულიერ ნათესაობას. პოეტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა. სკოლიდან დაბრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. 1914 წელს სახლი დაეწვათ და ამ უბედურემა შემთხვევამ ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას.


შემოქმედება


ტერენტი გრანელს მოდერნიზმი ხელოვნების განახლებად ესახებოდა. 1919 წლეს დაიწყო კრიტიკოსთა თავდასხმები, რასაც მოჰყვა ტერენტი გრანელის სიმბოლისტ პოეტად აღიარება და უარყოფა. სოციალური კრიტიკა ებრძოდა პოეტის შემოქმედებას, რომელშიც მკვეთრად გამოიკვეთა ახალი თემები და მოტივები, რაც დამახასიათებელი იყო სიმბოლისტური ხელოვნებისათვის. გრანელის პესიმიზმი სრულიად მიუღებელი და გაუგებარი გახდა საბჭოური ეპოქისათვის. 20-იანი წლების კრიტიკა აგრესიას იჩენდა მის მიმართ სამწერლო ასპარეზზე გამოსვლიდან სიცოცხლის ბოლომდე.

მხოლოდ 60-იანი წლებიდან, პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ, ტერენტი გრანელის შემოქმედება სათანადოდ შეფასდა და დამსახურებული ადგილი ჰპოვა ქართულ მწერლობაში.


ფსევდონიმი „გრანელი“


თავდაპირველად ტერენტი კვირკველიამ თავისი შემოქმედება „წალენჯიხის“ ფსევდონიმით გააცნო საზოგადოებას. „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა.
3 ძირითადი მოსაზრებით შეიძლება გაიშიფროს პოეტის ფსევდონიმი „გრანელი“:

1. „გრანუმ“ ლათინური სიტყვაა და ქართულად მარცვალს ნიშნავს.
2. საქართელოში ყოფილა იტალიელი მაესტრო, გვარად გრანელი, რომელმაც ქართულ ოპერა „ქრისტინეს“ უდირიჟორა.
3. ტერენტი ერთ იტალიელ მსახიობ ქალს ეტრფოდა, გვარად გრანელის, რომელიც ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ მარეხის როლს ასრულებდა. ამ მოსაზრების დასადასტურებლად გრანელის „მემონტო მორი“ შეიძლება გავიხსენოთ.


ტერენტი გრანელი წერდა:


„ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.


***


„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია.“


***


„მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო.“


***


„ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.


მასზე წერდნენ:


სიმონ ყაუხჩიშვილი: „ეს იყო 1918 წელს... იმ ხანებში ჩვენთან სამუშაოდ მოეწყო ერთი ახალგაზრდა, სახელად ტერენტი. მის მოვალეობას შეადგენდა საქმიანი ქაღალდების სტამბაში წაღება... ერთხელ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. უცბად შუაზე გადაკეცილი ქაღალდი დამიდო მაგიდაზე, თვითონ კი გარეთ გავარდა. ქაღალდი გავხსენი. ვხედავ, შესანიშნავი ლექსია. არ მეგონა, თუ ტერენტი ლექსებს წერდა. გავბედე და არავისთვის მიკითხავს, ისე დავბეჭდე... ქართულ პოეზიაში მისი პირველი ნაბიჯების დამლოცველი მე ვიყავი.“


***


ტიციან ტაბიძე: „ტერენტი გრანელის წიგნი „სულიდან საფლავები“ დაწერილია ცრემლებითა და ნერვებით. არის ადგილები, რომლებიც სამუდამოდ დაგამახსოვრდება უბრალო თქმით და გულწრფელობით. ტერენტი გრანელი სანთელივით იწვის პოეზიისათვის, არ შეიძლება ამ ალმა ცეცხლი არ გაგიჩინოს. მალე ის გაიმაგრებს ხმას. ასცილდება გავლენას (გალაკტიონის გავლენა), რომელიც მას მხოლოდ აფერხებს და მონახავს თავის თავს.“


მოგონებები:


ნოე კობახიძე („დაფნარელი“, ტერენტის ძველი მეგობარი) იხსენებს გრანელთან შეხვედრას: - „1928 წლის აგვისტო იდგა. ჩემი ავადმყოფი ბიძაშვილი თბილისში, კამოს ქუჩაზე, საავადმყოფოში მივიყვანე. ის იყო, უკვე მოვეწყეთ და პალატაში ბიძაშვილის საწოლთან ვდგავართ. უცებ ვიღაცამ ჩემი სახელი დაიძახა. მივიხედე, კარგა მოშორებით, კედლის გასწვრივ, ვხედავ, ტერენტი წევს. ძალიან გაეხარდა ჩემი დანახვა... -ახლა არა მიშავს, მალე გამოვალ აქედან. - მეუბნება. მეორე დღესაც ვინახულე, რაღაც-რაღაცეები მივუტანე, მადლობა მითხრა. კარგ გუნებაზე იყო, საავადმყოფოზეც მესაუბრა:

-კარგია საავადმყოფო! აქ სიჩუმეა და მყუდროება სუფევს. - ერთხანს სდუმდა მერე უცბად წამოენთო...

-საშინელებაა საავადმყოფო! აქ ყველგან სიკვდილი დგას! სიკვდილი გიყურებს თვალებში! აქ ყოფნა არ შემიძლია!..
მესამედ რომ მივედი, ტერენტი იქ არ იყო. არ ვიცი, გაწერეს, თუ გაიქცა.


***


იროდიონ ხარჩილავა (ზუგდიდის ადვოკატთა კოლეგიის წევრი) სინანულით იხსენებს ტერენტი გრანელთან შეხვედრას თბილისში:
„ტერენტის თბილისში ჩემი ბავშვობის დასასრულს 1931 წელს შევხვდი. ო, როგორი სინანულით ამევსო გული! ნეტავი არ მენახა-მეთქი, ვინატრე. მერჩივნა ტერენტი გრანელი ჩემს მეხსიერებას შერჩენოდა ისეთი, როგორიც სოფელში მინახავს. მისი პოეზია, მისი გულში ჩამწვდომი სტრიქონები მხსომებოდა მხოლოდ. სად იყო ახლა ის ტერენტი!.. ჩემ წინ იდგა სახედამჭკნარი, თმააწეწილი, რაღაცნაირად გაუბედურებული კაცი. იანვარი იწურებოდა. ყავისფერი პალტო ეცვა და გულზე ია-იების დამჭკნარი კონა ებნია. გამოვეცნაური, წალენჯიხელი ვარ, ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ-მეთქი, - შევახსენე. (1921 წელს გავიცანი წალენჯიხაში, როცა რვა-ცხრა წლისა ვიქნებოდი). გაეხარდა: - მაშ გიყვარვარ, ხომ? - მკითხა.

-ნამდვილად მიყვარხართ, ტერენტი. - ვუპასუხე მე. მერე თავი ვერ შევიკავე და - როგორ ხართ მეთქი? - შევეკითხე. მან დაჭკნარი ია-იების კონას დაადო ხელი და, - აი, ასე ვარო! - მიპასუხა.“


გარდაცვალება

 

ტერენტი გრანელი გარდაიცვალა „არამიანცის“ საავადმყოფოში 1934 წლის 10 ოქტომბერს.

„1934 წელს, შემოდგომაზე გარდაიცვალა. ოქტომბრის თვე იყო. დიზენტერიაზე არაფერი გამიგია. მაშინ მე თვითონ ვიყავი ტიფით ავად. გვიანობამდე ჩემთვის არც უთქვამთ. ვინ დაკრძალა პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, არ ვიცი. უკანასკნელ წამს მასთან ახლობელი არავინ ყოფილა. ვინ იყო პროცესიაზე არ ვიცი, არც ის ვიცი, ვისი ნებართვით დაკრძალეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.“ - იხსენებს ზოზია.

1987 წლის 20 დეკემბერს გადმოასვენეს გრანელის ცხედარი დიდუბის პანთეონში