Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბარნოვების უცნობი გენეალოგია: მამა, შვილი და შვილიშვილი საზოგადოება

ახალი 7 დღე -  გუშინ, 17:29, მზევინარ ხუციშვილი

1291901448_wigni1-001

 "სულ კომპლექსი მქონდა ბავშვობაში, რადგან ხშირად მეკითხებოდნენ: რუსი ხარ?" - მითხრა ტატა (თამარ) ბარნოვმა. დღეს ეს კომპლექსი სიამაყემ შეცვალა, რადგან თვითონ კარგად იცის თავისი გვარის ისტორია, მაგრამ ადამიანები მაინც ხშირად კითხულობენ - ბარნოვი - რუსია? - ოსია?

გვარი ბარნოვი

ბარნოვების წინაპრები მესხები ყოფილან და წარმოშობით ასპინძის რაიონის სოფელ ბარნავიდან არიან. ოსმალების ხშირი თავდასხმების გამო სოფელ ბარნავიდან ქვემო ქართლში (კოდაში, დღევანდელ თეთრი წყაროს რაიონში) გადმოსახლებულა ზაქარია ბარნოვი, შემდგომში ცნობილი მწერლის ვასილ ბარნაველ (ბარნოვის) მამა. ისინი მაჰმადიანთა ძალმომრეობას გაერიდნენ.

ვასილ ბარნოვის მამა, ზაქარია, 1873 წლის აღწერით ბარნაველის გვარს ატარებს, 1886 წელს უკვე ბარნოვად არის ჩაწერილი. ზაქარია ბარნაველი (ბარნოვი) XIX საუკუნის მეორე ნახევარში დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ დიდი ენაგეთის მღვდელი იყო და იგი რვა სოფელს ემსახურებოდა.

გვარი - ბარნოვი რუსიფიკაციის თვითნებობასა და რუს მოხელეთა ანტიქართულ განწყობას ემსხვერპლა. მოსკოვის სასულიერო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად ვასილ ბარნოვი იძულებული გახდა რუსულ დაბოლოებას შესჩვეოდა და დათმობაზე წასულიყო, რადგან მას უარს სწორედ ქართული გვარის გამო ეუბნებოდნენ. თუმცა იგი თავის პაპას, აბრამს, ბარნაველად იხსენიებს. როცა რუსული იმპერია დაიშალა და საქართველოში დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ვასილს ნათესავებმა, ბიძებმა და ბიძაშვილებმა სთხოვეს, გვარი დაებრუნებინა და რომანებისთვისაც საკუთარი გვარი მიეწერა, მაგრამ მან ეს უკვე დაგვიანებულად ჩათვალა. სიბერეშეპარულს ეშინოდა, ახალი დაბოლოებით რომ ვწერო, ვაითუ ადრე გამოქვეყნებული ჩემი ნაწერები ჩემად აღარ მიიჩნიონო. ვასილის შვილები: ლელა, სარა და სხვები ბარნაველებად იწერებიან.

გერონტი ქიქოძე წერდა:

"ბარნოვი ნამდვილი ქართველი მწერალია, მისი ქართველობა ისე თვალსაჩინოდ არსად გამოკრთის, როგორც მის ენასა და სტილში.
რამდენი არაქართველია დარწმუნებული, რომ ვასილ ბარნოვი რუსია!

ეს უსამართლობა უნდა გამოსწორდეს!

დაე! მკრეხელობად და ახირებად ჩამეთვალოს ჩემი სიჯიუტე: იგი ვასილ ბარნაველია და არა ბარნოვი. (ვიღაცის მკრეხელობისა და ახირების გარეშე შეცდომა არ გამოსწორდება). მიმაჩნია, რომ მკითხველთა შორის მისი ნაწერების ნაკლებ პოპულარობაც მისი გვარის არაქართული დაბოლოების ბრალია. ტყუილად გვგონია, რომ საქართველოში დღეს აღარავინაა ისეთი უცოდინარი - მისი ქართველობა რომ არ იცოდეს. რამდენს უთქვამს ჩემთვის, ქართველს და უმაღლეს განათლება მიღებულს, ვასილ ბარნოვი თუ ქართველი მწერალი იყო, პირველად მესმისო.

ვფიქრობ ქართული საზოგადოება, ადრე თუ გვიან მივა იმ დასკვნამდე, მის თხზულებათა ახალ გამოცემებს ვასილ ბარნაველს დააწერს... ამისთვის არ არის აუცილებელი მინისტრთა საბჭოს ან პრეზიდენტის საგანგებო დადგენილება. გაიხარებდა ვასილ ბარნაველის წმინდა და ნათელი სული ქართველური, ასე გულნატკენმა რომ დატოვა წუთისოფელი, გულნატკენმა, რადგან, ასზე მეტი მოთხრობისა და რომანის დამწერი, ორი-სამი რომანის გამოცემას ძლივს შეესწრო..."

კიდევ ერთი ცნობილი ბარნოვი პროფესიით ექიმი იყო, თუმცა იგი ამ ძირითად საქმიანობასთან ერთად თბილისის ისტორიასაც იკვლევდა. განსაკუთრებულად უყვარდა თბილისი და ზრუნავდა იმაზე, რომ თბილისს საკუთარი სახე არ დაეკარგა. მან შეადგინა იეთიმ გურჯის ლექსთა კრებული, რომელიც პირველად იოსებ გრიშაშვილის, ხოლო მეორედ კარლო კალაძის რედაქციით გამოიცა. მან დაწერა წიგნები: "ჭიდაობა ძველ თბილისში", "ძველი თბილისის მუსიკოსები", "პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მნიშვნელობა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილების საქმეში" და "ტელევიზორი". წიგნში "ძველი თბილისის მუსიკოსები" ალექსი ბარნოვი წერს: "რა ვქნა, მიყვარს ძველი თბილისი. მამა-პაპით თბილისელ კაცს, ბავშვობიდანვე ყარაჩოხელებში აღზრდილს, იეთიმ გურჯისა და იოსებ გრიშაშვილის ახლო მეგობარს, განა შეიძლება არ მიყვარდეს ძველი თბილისი და მისი მუსიკა? პატარაობიდანვე ჩამრჩა მეხსიერებაში დუდუკის ტკბილი, მტრედივით მოღუღუნე ტემბრი. რა დამავიწყებს დუდუკის დიდი მოყვარულების - მამაჩემის ვასილ ბარნოვისა და აკაკი წერეთლის ტკბილ პურისჭამას ჩვენი სახლის აივანზე. განა შეიძლება პავლე მაისურაძის, დათა ზუბიაშვილისა და ვასო რაზმაძის დუდუკის დავიწყება? დუდუკისა, ასე რომ უყვარდა ილიას. სწორედ მათ შესახებ ამბობდა ვასილ ბარნოვი: "მწყობრი ხმით ახმაურდა ის მყუდრო კუთხე, დუდუკის სევდიანი მოთქმა უერთდებოდა მტკვრის დუდუნს, ხმები ხან გულში ეკვროდნენ მდინარეს, ხან სხლტებოდნენ მის კამკამა მკერდზე და მარგალიტის მარცვლებად იბნეოდნენ მიდამოში. ვფიქრობ, რომ ეს დიდი ბუნების ადამიანები არ ტყუვდებოდნენ დუდუკის სიყვარულში."

აივანი, რომელსაც ალექსი ბარნოვი ახსენებს, თბილისში დღესაც არსებობს - ყოფილი გერცენის შესახვევი - 11, ამჟამად აპოლონ ქუთათელაძის შესასვლელი - 11. ბარნოვების ამ საგვარეულო სახლში ახლა მათი მეექვსე თაობა ცხოვრობს: "ამ სახლში ცხოვრობდა მამაჩემის პაპა მიხეილი, ბაბუაჩემი კოტე, მამაჩემი ირაკლი, მე, ჩემი შვილები და ნიკოლოზი ჩემი ქალიშვილის ტატას შვილი მეექვსე თაობაა. თავის დროზე ბარნოვებს 1700 კვადრატული მეტრის ადგილი გვეკუთვნოდა. იზოლირებული იყო მთლიანად. 21 წელში წაგვართვეს, რასაც შეეწირა კიდეც პაპაჩემი კოტე - გული გაუსკდა. მე პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ყვითელი გერბიანი ქაღალდი, პუტჩის ნასყიდობის, რომელიც ვერსად ვერ ვიპოვეთ. საერთოდ გაქრა ყველანაირი საბუთი, არქივშიც კი არ არსებობს. ამბობენ დაიწვაო. აქ არ იყო წყალი, კანალიზაცია, თუმცა სისუფთავე გვქონდა. ეს ჩვენი საჯინიბო, ეს საძროხე იყო" - მაჩვენებს პროფესიით არქიტექტორი თენგიზ ბარნოვი, ახლა უკვე მეზობლის სახლებს. ამ ტერიტორიის ბარნოვების საკუთრების უტყუარობაზე ამჟამად მხოლოდ, თენგიზის მამის ირაკლი ბარნოვის ჩანაწერია შემორჩენილი: "მანქანისთვის გზა დაცალეთ, ნუ მაწუხებთ, ყველა - ხომ იცით, რომ ეზო, სახლი, მე მეკუთვნის ყველა... 19-1|7-61წ. 1700 კვადრატული მეტრიდან ბარნოვების საკუთრებაში ახლა მხოლოდ სამი ოთახია დარჩენილი, რომელიც დასანგრევი სახლების რიცხვშია შესული. "საგვარეულო სახლია და ძალიან მიჭირს ამაზე ფიქრი. სამწუხაროდ პროგრეს წინ ვერ აღვუდგებით," - ამბობს ტატა (თამარ) ბარნოვი.

ამ სახლში ინახება ირაკლი ბარნოვის ხელნაწერებიც. ირაკლი ბარნოვი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და აქტიურად თანამშრომლობდა კედლის გაზეთებში, ჟურნალებში და ჟურნალ: "ნიანგშიც“. ხელნაწერშივე ვკითხულობთ: „ყველგან ა|კ.რელინის გზაზე, სადაც კი ი. ბარნოვს უმსახურია, შეხვდებით (კედლის გაზეთებში.) კრიტიკული ხასიათის ლექსებს და კბილის გამკრავ ამბებს.“ ის იყო იმ იშვიათ ქართველთაგანი, რომელმაც ერთხელ ლექსად დაწერილი კრიტიკული წერილი სტალინსაც კი მისწერა. ამ წერილში იგი სტალინს დიდ ბელადად მოიხსენიებდა, მაგრამ მიუთითებდა იმ უსამართლობაზე, რომელიც საქართველოში ხდებოდა. ავტორს სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა ეჭვი, რომ წერილს ადრესატამდე არ მიუღწევია. რომ არ მიუღწევია, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ირაკლი კონსტანტინეს ძე ბარნოვმა დიდხანს იცოცხლა და საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა.
 
წყარო: http://7days.ge/index2.php?newsid=3451