პოეტური კარნავალი ანუ საბავშვო პოეზიის საღამო უფროსებისთვის
კვირას, 26 დეკემბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კავშირ პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარების ფარგლებში კიდევ ერთი საღამო გაიმართა. თუმცა, ეს შეხვედრა ტრადიციული საღამოებისგან განსხვავდებოდა. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, ფოიეში ნაძვისხე იდგა და წინასაახალწლო განწყობაც იგრძნობოდა. იმ დღეს პოეტური კარნავალი შედგა. ეს იყო ერთი მშვენიერი საღამო, სადაც უფროსებმა ერთმანეთს საბავშვო ლექსები გაუზიარეს, ანუ, როგორც ორგანიზატორებმა უწოდეს საღამოს ეს იყო "საბავშვო პოეზიის საღამო უფროსებისთვის". საღამოზე 22-მა საბავშვო ლექსების ავტორმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც თავად წაიკითხეს საკუთარი ლექსები. მათ შორის იყვნენ: ცირა ქიტიაშვილი, ნუნუ კერესელიძე, ზვიად ჩხეტიანი, ზაზა აბზიანიძე, ვაჟა ხორნაული და სხვები.
კავშირ პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" ხელმძღვანელი მიხეილ ღანიშაშვილი: "უპირველესად ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას დამდეგ 2011 წელს მივულოცავ. ახალი წელი თქვენთვის ჯანმრთელობის, სიკეთის, სიუხვის, სიხარულის, სიყვარულის, ახალ-ახალი გამარჯვებების და წარმატებების წელი ყოფილიყოს. ამ საღამოს იდეა საბავშვო პოეტ ნათია ჯანაშიას ეკუთვნის. ის დამიკავშირდა და მთხოვა ჩაგვეტარებინა საბავშვო პოეზიის საღამო უფროსებისთვის. იდეა ძალიან მომეწონა და დავთანხმდი. საღამოს მონაწილეებს ნათია თვითონ დაუკავშირდა და მან მოიყვანა ჩვენთან ეს დიდებული საბავშვო პოეტები. დიდი მადლობა მას."
საბავშვო პოეტი ნათია ჯანაშია: "დიდი მადლობა ყველა საბავშვო პოეტს, რომ ჩემს იდეას გამოეხმაურნენ. ისინი სიამოვნებით დამთანხმდნენ ამ საღამოში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, მე დავუკავშირდი თითქმის ყველა საბავშვო გამომცემლობას, რომ მოსულიყვნენ და მათთვის ყველა საბავშვო ავტორის სახელით შემეთავაზებინა იდეა - თანამედროვე საბავშვო ავტორების საერთო კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით. მართალია, ეს იდეა დიდი სიახლით არ გამოირჩევა, მაგრამ ეს იქნება ჩვენი მხრიდან შეხსენება, რომ ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და ქართველ ავტორებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ მათი მხრიდან."
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება


აკადემიური ლექსიკონი
სამხედრო ლექსიკონი
